აშშ - რუსეთი

პომპეო: თუ რუსები აშშ-ს სამხედროების მკვლელობას უკვეთავენ, ეს ძალიან ძვირად დაუჯდებათ

მაიკ პომპეო
REUTERS

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ სერგეი ლავროვი გააფრთხილა, რომ, თუ რუსეთი ავღანეთში აშშ-ს სამხედროების მკვლელობას უკვეთავს, ეს "ძალიან ძვირად დაუჯდებათ".

"თუ რუსები ამერიკელების ან სხვა დასავლელების მოკვლაში ფულს იხდიან, ეს ძალიან ძვირად დაუჯდებათ. ეს ვუთხარი საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს", - განაცხადა მაიკ პომპეომ ჩეხეთში ყოფნისას Free Europe/Radio Liberty-სთან ინტერვიუში.

ივნისში New York Times-მა ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ანონიმურად დაწერა, რომ ამერიკის სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო სადაზვერვო დანაყოფმა თალიბანთან დაკავშირებულ სამხედროებს ავღანეთში კოალიციური ძალების, მათ შორის, ამერიკელი ჯარისკაცების მოკვლისთვის საიდუმლოდ შესთავაზა ჯილდო.

თვეების წინ აშშ-მ გაიგო, რომ რუსულმა დანაყოფმა გასულ წელს ამერიკელებზე წარმატებული თავდასხმებისთვის ფარულად დააწესეს ჯილდო. ეს დანაყოფი დაკავშირებულია ევროპაში მკვლელობების მცდელობასთან და სხვა საიდუმლო ოპერაციებთან, რაც დასავლეთის დესტაბილიზაციისკენაა მიმართული.

გამოცემა ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ, მთავრობის შეფასებით, ეს რუსეთის სამხედრო სადაზვერვო სააგენტოს, GRU-ს დანაყოფი 29155-ის ხელობაა. ისლამისტმა სამხედროებმა, ან მათთან დაკავშირებულმა კრიმინალურმა ელემენტებმა, სავარაუდოდ, ჯილდოდ ფულის გარკვეული რაოდენობა მიიღეს. 

"2019 წელს ავღანეთში 20 ამერიკელი მოკლეს, თუმცა, ცნობილი არ არის, რომელ მკვლელობებს აყენებენ ეჭვქვეშ". – წერს გამოცემა.

ოფიციალური პირის თქმით, სადაზვერვო სამსახურის აღმოჩენა უკვე აცნობეს პრეზიდენტ ტრამპს. თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ საკითხი მარტის ბოლოს განიხილა. ოფიციალურმა პირებმა შეიმუშავეს პოტენციური საპასუხო ქმედებების ვარიანტები – დაწყებული მოსკოვისადმი დიპლომატიური საჩივრით, რათა ეს შეჩერდეს, ასევე, სანქციები და სხვა შესაძლო საპასუხო ნაბიჯები. ანონიმური წყაროს ცნობით, თეთრ სახლს ჯერ ნაბიჯი არ გადაუდგამს.

ივნისში ინციდენტთან დაკავშირებით აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მისთვის არავის შეუტყობინებია, რომ რუსეთის დაზვერვა თალიბანის მებრძოლებს ჯილდოს სთავაზობდა ავღანეთში ამერიკელი სამხედროების მოკვლისათვის.

მოგვიანებით მან დაწერა, რომ შეატყობინეს, რომ New York Times-ის ინფორმაცია არასანდოა და სწორედ ამის გამო არ მიუწოდებიათ ის პრეზიდენტისა და ვიცეპრეზიდენტისათვის.

ინფორმაცია უარყვეს თეთრ სახლში, აშშ-ს ეროვნულ დაზვერვასა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც.

კომენტარები