ახალი კორონავირუსი საქართველოში

I-IV კლასების გარდა, სკოლებს შეეძლებათ სწავლა დისტანციურად განაახლონ

iStockphoto

სკოლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს დაიწყება. განათლების სამინისტროს ცნობით, საჭიროების შემთხვევაში, სკოლის ადმინისტრაციას სწავლების შერეული მოდელის დანერგვის შესაძლებლობა ექნება, რაც სწავლის ნაწილობრივ დისტანციურად განახლებას გულისხმობს. ეს არ შეეხება I-IV კლასებს, მათთვის გაკვეთილების ჩატარება სასკოლო სივრცეში სავალდებულოა.

განათლების სამინისტროს ცნობით, შერეული მოდელის გამოყენებისას, V-VI კლასებში დისტანციური სწავლება შესაძლებელი იქნება კვირაში მაქსიმუმ 1 დღეს, VII – XI კლასებში მაქსიმუმ 2 დღეს, ხოლო XII კლასში - მაქსიმუმ 3 დღეს.

ასევე, სკოლებს ექნებათ შესაძლებლობა, განსაზღვრონ გაკვეთილის ხანგრძლივობა (მინიმუმ 30-წუთიანი გაკვეთილები), ასევე საგაკვეთილო პროცესის დაწყების დრო საფეხურების/კლასების მიხედვით (08:30 სთ; 08:45 სთ; 09:00 სთ), საჭიროების შემთხვევაში ერთცვლიანი სკოლები გადავიდნენ რამდენიმეცვლიან მოდელზე და სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებმა იარონ ცვლების მიხედვით.

სკოლებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ, სასწავლო პროცესის დაგეგმვისას, სკოლის ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე და სკოლების განტვირთვის მიზნით, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, სასწავლო დღედ გამოიყენონ შაბათი.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში პირბადეების ტარება მოუწევს ყველას, გარდა მოსწავლეებისა. მათი განცხადებით, სკოლებს სასწავლო პროცესის დასაწყებად გარკვეული რეგულაციების დაცვა მოუწევთ, ესენია

  • მოსწავლეებს შორის 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა;
  • შენობაში შემსვლელი ყველა პირისთვის პირბადის სავალდებულო ტარება, გარდა მოსწავლისა;
  • შენობაში ნებისმიერი პირის დეზობარიერის გავლით, თერმოსკრინინგისა და ხელის დეზინფიცირების შემდეგ შესვლა;
  • პირბადეების რეზერვის სკოლებში არსებობა;
  • სველი წერტილების სანიტარიული დამუშავება ყოველი დასვენების შემდეგ;
  • ცვლებს შორის ნახევარსაათიანი შესვენება, საკლასო ოთახებისა და სკოლის საერთო სარგებლობის ფართების სანიტარული დასუფთავება და განიავება;
  • სიცხიანი და რესპირატორული სიმპტომების მქონე მოსწავლეებისთვის დროებითი საიზოლაციო ოთახის გამოყოფა;
  • ოთახების განიავება გაკვეთილებს შორის დასვენებებზე;
  • ხშირად შესახები ზედაპირების სანიტარული დამუშავება;
  • სკოლის საერთო სარგებლობის სივრცეებში (მათ შორის, დერეფანი, კიბის უჯრედი, სამასწავლებლო და ა.შ.) ყოფნისა და გადაადგილებისას ყველა პირს (გარდა მოსწავლეებისა) უნდა ეკეთოს პირბადე, მათ შორის დასვენებების პერიოდში და სხვა. 

კომენტარები