ბელარუსი

ბელარუსმა მიტროპოლიტმა ლუკაშენკოსთვის მილოცვის გამო ბოდიში მოიხადა

0 კომენტარი
ბელარუსის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი პავალი ფოტო: Uladz Hrydzin / RFE/RL

ბელარუსმა მიტროპოლიტმა პაველმა პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთვის 9 აგვისტოს გამართულ არჩევნებში გამარჯვების წინასწარი მილოცვის გამო ბოდიში მოიხადა. 

ინფორმაციას ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ბელარუსის ოფისი ავრცელებს. როგორც ბელარუსის მართლმადიდებელი ეკლესიის პრესმდივანმა, მამა სერგი ლეპინმა გამოცემას უთხრა, მიტროპოლიტმა ბოდიში მას შემდეგ მოიხადა, რაც გაიგო მინსკში მომხდარი მოვლენების შესახებ და ნახა დაკავებულების ვიდეოები. 

"ამ კადრებმა აღაშფოთა და დაამწუხრა მიტროპოლიტი". – თქვა მამა სერგი ლეპინმა კომენტარში.  

მრევლის თხოვნით მიტროპოლიტი უკანონოდ დაკავებულებისა და ნაცემი ადამიანებისთვისაც ილოცებს. ასეთი ლოცვები ყოველდღიურად 13:00 საათზე დაიწყება. 

ევროკავშირის გაფრთხილების და პატიმრების არ გათავისუფლების შემთხვევაში, შესაძლო სანქციების დაწესებაზე საუბრის შემდეგ, ბელარუსის ხელისუფლებამ დაკავებულების გათავისუფლება დაიწყო.

გათავისუფლებულები პოლიციის მხრიდან არაადამიანური მოპყრობის, მუქარისა და ცემის ფაქტებზე ყვებიან. ქალაქ ჟოდინის იზოლატორთან შეკრებილმა მოქალაქეებმა გათავისუფლებულებს საკუთარი მანქანებით სახლში წაყვანა შესთავაზეს.

აქციებზე 7000-მდე ადამიანი დააპატიმრეს. ბელარუსის ჯანდაცვის სამინისტოს განცხადებით, საავადმყოფოებში აქციებზე დაშავებულთა რიცხვი 200-ს აღწევს.

მე-5 დღეა, ბელარუსში აქციის მონაწილეები ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, რომელთა თანახმადაც ალექსანდრ ლუკაშენკომ არჩევნებში ხმების 80.2% აიღო. აქციების დასაშლელად საგანგებო დანიშნულების რაზმი აქტიურად იყენებდა ცრემლსადენ გაზს, რეზინის ტყვიებს, ხმოვან ყუმბარებსა და წყლის ჭავლს. მინსკში ბარიკადების დასაშლელად მობილიზებული იყო მძიმე ტექნიკა.

ოპოზიციის მთავარმა ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ბელარუსი სამოქალაქო პროტესტის გააქტიურებიდან მეორე დღეს დატოვა. ტიხანოვსკაიას გუნდის ცნობით, ის პროტესტს "შესაძლო პროვოკაციების" გამო არიდებს თავს. მოგვიანებით გავრცელდა მისი ვიდეომიმართვა, რომელშიც მან დემონსტრანტებს კანონის დაცვის, შეკრებისგან თავის შეკავებისა და სიფრთხილისკენ მოუწოდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები