საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში

"საქართველო დიქტატორს არ ცნობს" – ბელარუსის მხარდამჭერი აქცია თბილისში

"საქართველო დიქტატორს არ ცნობს" – რუსთაველის გამზირზე ბელარუსში მიმდინარე მოვლენების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.

მშვიდობიან აქციაში ბელარუსის და საქართველოს მოქალაქეები მონაწილეობდნენ. აქციას მოძრაობა სირცხვილიაც შეუერთდა. მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ ბელარუს ხალხს და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამართული დემონსტრაციების ფონზე დაკავებულ პირთა გათავისუფლებას ითხოვენ.

ევროკავშირის გაფრთხილების და პატიმრების არ გათავისუფლების შემთხვევაში, შესაძლო სანქციების დაწესებაზე საუბრის შემდეგ, ბელარუსის ხელისუფლებამ დაკავებულების გათავისუფლება დაიწყო.

გათავისუფლებულები პოლიციის მხრიდან არაადამიანური მოპყრობის, მუქარისა და ცემის ფაქტებზე ყვებიან. ქალაქ ჟოდინის იზოლატორთან შეკრებილმა მოქალაქეებმა გათავისუფლებულებს საკუთარი მანქანებით სახლში წაყვანა შესთავაზეს.

აქციებზე 7000-მდე ადამიანი დააპატიმრეს. ბელარუსის ჯანდაცვის სამინისტოს განცხადებით, საავადმყოფოებში აქციებზე დაშავებულთა რიცხვი 200-ს აღწევს.

მე-5 დღეა, ბელარუსში აქციის მონაწილეები ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, რომელთა თანახმადაც ალექსანდრ ლუკაშენკომ არჩევნებში ხმების 80.2% აიღო. აქციების დასაშლელად საგანგებო დანიშნულების რაზმი აქტიურად იყენებდა ცრემლსადენ გაზს, რეზინის ტყვიებს, ხმოვან ყუმბარებსა და წყლის ჭავლს. მინსკში ბარიკადების დასაშლელად მობილიზებული იყო მძიმე ტექნიკა.

ოპოზიციის მთავარმა ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ბელარუსი სამოქალაქო პროტესტის გააქტიურებიდან მეორე დღეს დატოვა. ტიხანოვსკაიას გუნდის ცნობით, ის პროტესტს "შესაძლო პროვოკაციების" გამო არიდებს თავს. მოგვიანებით გავრცელდა მისი ვიდეომიმართვა, რომელშიც მან დემონსტრანტებს კანონის დაცვის, შეკრებისგან თავის შეკავებისა და სიფრთხილისკენ მოუწოდა.

კომენტარები