აშშ-ტაივანი

ტაივანმა აშშ-სგან $62 მილიარდის F-16-ების შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმა - AFP

ტაივანმა აშშ-სგან 62 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების შესყიდვის 10-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

პენტაგონმა შემსყიდველი არ დააკონკრეტა, სავარაუდოდ, საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, თუმცა საქმეში გათვითცნობიერებულმა პირმა AFP-ს დაუდასტურა, რომ შემსყიდველი ტაივანია. ინფორმაციას თეთრ სახლში ამერიკის ხმის ბიუროს უფროსი, სტივენ ჰერმანიც ავრცელებს.

ტაივანმა აშშ-სგან გასულ წელს მოიპოვა ნებართვა რომ 66 ახალი F-16 შეესყიდა.

ტაივანმა F-16-ები თავდაპირველად 1992 წელს შეისყიდა.

შეგახსენებთ, რომ ტაივანს ჩინეთი თავის ნაწილად მიიჩნევს და თვლის, რომ ნებით ან ძალით შეიერთებს.

აშშ-სა და ტაივანს 1979 წლის შემდეგ ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები არა აქვთ, თუმცა იგი ტაივანის უდიდესი მოკავშირე და სამხედრო შეიარაღების ყველაზე დიდი მიმწოდებელია.

14 აგვისტოს ტაივანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ტაივანი მომავალი წლის თავდაცვის ბიუჯეტის 10.2%-ით გაზრდას აპირებს. თავდაცვის ბიუჯეტთან დაკავშირებული ცვლილებები ჩინეთის მხრიდან გაზრდილი წნეხითაა განპირობებული. 

აღსანიშნავია, რომ ტაივანში ორი დღის წინ დასრულდა აშშ-ს ჯანმრთელობის მდივნის, ალექს აზარის ოფიციალური ვიზიტი. აზარი უმაღლესი რანგის ამერიკელი ოფიციალური პირია, რომელიც 1979 წლის შემდეგ ტაივანს ეწვია.

პეკინის მიერ ჰონგ-კონგში უშიშროების კანონის მიღების შემდეგ, რამაც ქალაქის ავტონომია ფაქტობრივად დაასრულა, გაჩნდა მოსაზრებები, რომ პეკინის შემდეგი სამიზნე, შესაძლოა, ტაივანი იყოს. პეკინი უკვე წლებია ტაივანს ჰონგ-კონგში არსებული "ერთი ქვეყანა - ორი სისტემით" გაერთიანებას სთავაზობს, მაგრამ ტაივანს ეს არ უნდა.

აზართან შეხვედრისას ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ის გააფრთხილა, რომ ჩინეთი ცდილობს ტაივანის ჰონგ-კონგად გარდაქმნას:

"ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება გახდა უფრო რთული, რადგან ჩინეთი აგრძელებს ტაივანზე ზეწოლას, რათა მიიღოს მისი პოლიტიკური პირობები. ის პირობები, რაც ტაივანს შემდეგ ჰონგ-კონგად გადააქცევს".

29 მაისს ჩინეთის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხდა, რომ ჩინეთი ტაივანს დაარტყამს იმ შემთხვევაში, თუ მისი დამოუკიდებლობის შესაჩერებლად სხვა გზა არ იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ ეს სიახლე არ არის, ჩინეთის წამყვანი სამხედრო პირისგან მსგავსი საჯარო განცხადება იშვიათია. განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც ჩინეთი ჰონგ-კონგის ავტონომიას ძირს უთხრის.

კომენტარები