არჩევნები 2020

სამადაშვილი: ევროპელების მაჟორიტარ კანდიდატებს სააკაშვილზე თავდასხმა ძვირი დაუჯდებათ

ფორმულა

"მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმა ძალიან ძვირი დაუჯდებათ მაჟორიტარ კანდიდატებს ევროპული საქართველოდან". – ასე პასუხობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, სალომე სამადაშვილი დავით ბაქრაძის სიტყვებს, რომ სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი მინისტრთა კაბინეტში არ იქნებიან.

სამადაშვილის თქმით, მაგალითად თბილისში, ევროპული საქართველოს მაჟორიტარ კანდიდატებს სწორედ ენმ-ს ამომრჩევლის მხარდაჭერა სჭირდებათ, ამგვარი განცხადებები კი დამაზიანებელია, როგორც საერთო ოპოზიციური მიზნებისთვის, ასევე დამაზიანებელია პირადად დავით ბაქრაძისთვის.

"მსგავსი განცხადებები ნამდვილად არ ეხმარება ამ ერთიანობას. ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ იფიქრა ბატონმა ბაქრაძემ, რომ მისი მხრიდან თავდასხმა მიხეილ სააკაშვილზე ძალიან ძვირი დაუჯდებათ მაჟორიტარ კანდიდატებს ევროპული საქართველოდან, სადაც მათ სჭირდებათ, მაგალითად თბილისში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლის მხარდაჭერა.

ასევე, ვფიქრობ, რომ ცოტათი გაუგებარი იქნება ამომრჩევლისთვის მსგავსი განცხადებები ადამიანისგან, რომელსაც საკონსტიტუციო უფლებამოსილებაც და ვალდებულებაც ჰქონდა აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის.

ეს განცხადება არის დამაზიანებელი, როგორც საერთო ოპოზიციური მიზნებისთვის, ასევე დამაზიანებელია პირადად დავით ბაქრაძისთვის". – ამბობს სალომე სამადაშვილი

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, "როდესაც საკითხი მივა კოალიციური მთავრობის შექმნამდე და, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდი ალბათობით ეს მოხდება, რა თქმა უნდა ჩვენ გვექნება ჩვენი პირობები მომავალ კოალიციურ ხელისუფლებასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ კოალიციური ხელისუფლება ყოველთვის გულისხმობს მოლაპარაკებას და შეთანხმებებს პარტიებს შორის. ამიტომ არ იქნებიან ადამიანები, ვინც ჩვენი გადმოსახედიდან მომავალ მინისტრთა კაბინეტში არ უნდა იყოს. მაგალითად სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი არ იქნებიან მინისტრთა კაბინეტში, მათ შორის პრემიერმინისტრად".

ბაქრაძის თქმით, პიროვნების როლი პარტიაში იყო ერთ-ერთი თემა, რის გამოც ევროპულ საქართველოს ჰქონდა ნაციონალური მოძრაობისგან განსხვავებული ხედვა.

კომენტარები