აქცია რუსეთში

მეექვსე კვირაა რუსეთის ქალაქ ხაბაროვსკში საპროტესტო აქცია იმართება [VIDEO]

Evgenii Pereverzev

14 აგვისტოს რუსეთის ქალაქ ხაბაროვსკში კიდევ ერთხელ გაიმართა დაკავებული გუბერნატორის, სერგეი ფურგალის მხარდამჭერი და ანტისამთავრობო აქცია.

უკვე მე-6 კვირაა, რაც მომიტინგეები პუტინის მიერ ადგილობრივი პოლიტიკური კრიზისის მართვას აპროტესტებენ. მათი ნაწილი ამბობს, რომ პუტინის მთავრობისადმი ნდობა დაკარგეს და მის გადადგომას მოითხოვენ.

"თავისუფლება ფურგალს", "ჩვენი არჩევანი" – გაიძახდნენ მომიტინგეები.

აქციაზე ხელში ეკავათ ბელარუსის თეთრი-წითელი-თეთრი დროშა და მონაწილეები გაიძახდნენ "დიდხანს სიცოცხლე ბელარუსს". 

ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის შტაბის კოორდინატორი, ალექსეი ვორსინი არასანქცირებულ პროტესტში მონაწილეობისთვის დააკავეს

ადგილობრივი მაღალჩინოსნების შეფასებით, პროტესტში დაახლოებით 2000 ადამიანი შეუერთდა.

დაკავებული გუბერნატორი, სერგეი ფურგალი ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერია, რომელმაც გუბერნატორის არჩევნებში მმართველი ძალის, "ერთიანი რუსეთის" კანდიდატი დაამარცხა. მას ბრალად ედება 2004-05 წლებში ბიზნესმენების მკვლელობების ორგანიზება. აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ მის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკური მოტივებით აღიძრა.

გასულ კვირებში გამართული აქციების შემდეგ ფურგალის ადვოკატმა მომიტინგეებს მოუწოდა, რომ მისი მხარდამჭერი აქციები აღარ გამართონ. როგორც ადვოკატმა მედიას უთხრა, გუბერნატორი ხალხის მხარდაჭერას აფასებს, მაგრამ არალეგალურ შეკრებებს არ ემხრობა.

ივლისის ბოლოს პუტინმა გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლად დაასახელა მიხაილ დეგტიარიოვი, მაგრამ მომიტინგეებს მის მიერ წამოყენებული კანდიდატურა არ მოსწონთ, რადგან მას რეგიონთან კავშირი არა აქვს და მის გადადგომას მოითხოვენ.

30 ივლისს დეგტიარიოვი ირწმუნებოდა, რომ ხაბაროვსკის აქციებზე პროვოკატორები საქართველოდან არიან.

ცენტრ Levada-ს გამოკითხვით, რუსების 45% ქვეყნის შორეულ აღმოსავლეთში, ხაბაროვსკის აქციების მონაწილეებს პოზიტიურად უყურებს, 17% - ნეგატიურად, 26%-ის შეხედულება ნეიტრალურია, ხოლო11%-ს კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს.

ცენტრის მიერ ჩატარებულმა კიდევ ერთმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა მხოლოდ 23% ასახელებს პუტინს პოლიტიკოსად, რომელსაც ენდობიან.

კომენტარები