კორონავირუსი საქართველოში

შსს: კაცი, რომელიც კარანტინში მე-4 სართულიდან გადმოხტა, აგრესიული და არაადეკვატური იყო

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში, კარანტინში მყოფი პირის სასტუმროდან გადახტომის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, მომხდარ ინციდენტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აწარმოებს. საქმეზე მიმდინარეობს და უკვე ჩატარებულია სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გამოკითხულია მომხდართან შემხებლობაში მყოფი 10-მდე პირი და ამოღებულია ფ.ჯ.-ს პირადი ნივთები. დანიშნულია სხვადასხვა სახის ექსპერტიზები.

მათივე ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 14 აგვისტოს, 1993 წელს დაბადებული ფ.ჯ. ბათუმში, ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში, სავალდებულო კარანტინის გავლის მიზნით იმყოფებოდა თავის მეგობართან - შ.თ.-სთან ერთად.

"გამოძიებისთვის ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზების გამო, საკარანტინო სივრცეში ფ.ჯ. გახდა აგრესიული და იქცეოდა არაადეკვატურად. კერძოდ, მან დატოვა სასტუმროს ნომერი, გამოვიდა დერეფანში და ხმაურობდა, დააზიანა სასტუმროს ინვენტარი, რითაც დაარღვია საკარანტინო წესები.

გამოძიების ინფორმაციით, შ.თ. შეეცადა მეგობრის დამშვიდებას. წესრიგის დაცვისკენ ფ.ჯ.-ს დაცვის პოლიციის და სასტუმროს თანამშრომლებმაც მოუწოდეს, თუმცა იგი არ დაემორჩილა მათ მოწოდებას, რის გამოც სასტუმროს ადმინისტრაციამ პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა. ადგილზე მისულმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფ.ჯ.-ს სიმშვიდისა და წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს ასევე საჭიროების შემთხვევაში მას დახმარებაც შესთავაზეს.

სამართალდამცველებთან გასაუბრების შემდეგ ფ.ჯ. დამშვიდდა, დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას და სასტუმროს ნომერში დაბრუნება გადაწყვიტა, მისივე დროებითი საცხოვრებელი ოთახისკენ გაემართა, თუმცა მოულოდნელად მიბრუნდა და სასტუმროს მე-4 სართულიდან შენობის შიდა ტერიტორიაზე გადახტა".- წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დაშავებული ამ დროისთვის თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება.

კომენტარები