აფხაზეთის ომი

ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული სამხედროები ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს

თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთიდან ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული ორი სამხედრო დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. 

უწყების ინფორმაციით, დაკრძალვას ესწრებოდნენ თავდაცვის ძალების მეთაური და მისი მოადგილეები, ასევე სამხედრო მაღალჩინოსნები და დაღუპულთა ოჯახის წევრები . 

ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული და იდენტიფიცირებულია 1992-93 წლების ომში დაღუპული 13 ადამიანის ნეშტი, მათ შორის, 8 სამხედროსა და 5 მშვიდობიანი მოქალაქის. 

"ნეშტები შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშრისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით მოიძიეს, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში". – წერს თავდაცვის სამინისტრო. 

უწყებისვე ინფორმაციით, აფხაზეთიდან გადმოსვენებულების ცხედრებს, მათი ოჯახების გადაწყვეტილებით, სხავდასხვა მუნიციპალიტეტში დაკრძალავენ. 

აფხაზეთის ომიდან 28 წელი გავიდა. საომარი მოქმედებები აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. საქართველოს შეიარაღებული ძალები ტერიტორიაზე რკინიგზის დაცვის მიზნით შევიდნენ.

პირველი გასროლა ოჩამჩირეში, სოფელ ოხურეისთან მოხდა. 1-ელ ოქტომბერს რუსეთის არმიის დახმარებით აფხაზმა სეპარატისტებმა გაგრას შეუტიეს და ქალაქი აიღეს. გაგრაში მოწყობილ ეთნიკურ წმენდას ასობით ქართველის სიცოცხლე შეეწირა.

საომარი მოქმედებები აფხაზეთში 1993 წლის შემოდგომამდე გაგრძელდა. ამ პერიოდში რუსეთის შუამავლობით რამდენიმე სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდო. რუსეთმა ყველა შეთანხმება დაარღვია.

1993 წლის სექტემბერში აფხაზეთისთვის გადამწყვეტი ბრძოლა სოხუმთან გაიმართა. ალყაშემორტყმულ ქალაქს ინტენსიურად ბომბავდა რუსული არტილერია და ავიაცია.

1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა.

რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის და არმიის დახმარებით სხვადასხვა კრიმინალურმა დაჯგუფებებმა 30 000-მდე ქართველი მოკლეს. აფხაზეთი იძულებით 250 000-მდე ქართველმა დატოვა. რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოში, საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ აღიარა.

კომენტარები