ავტოსაგზაო შემთხვევა

ფონიჭალაში ავარიას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფონიჭალაში ავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 2 არასრულწლოვანი. 

სამართალდამცველებმა ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული 1995 წელს დაბადებული პ.გ. დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილებისას შეეჯახა გზის გვერდულზე გაჩერებულ ავტომობილს და ქვეითად მოსიარულე 7 პირს: 1996 წელს დაბადებულ ე.მ.-ს, 2016 წელს დაბადებულ ე.ა.-ს, 1974 წელს დაბადებულ მ.მ.-ს, 1991 წელს დაბადებულ ა.მ.-ს, 2009 წელს დაბადებულ ე.ა.-ს, 2013 წელს დაბადებულ რ.ა.-ს და 2016 წელს დაბადებულ ა.მ.-ს. ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, პ.გ.-მ შემთხვევის ადგილი დატოვა და მიიმალა.

მათივე ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ისინი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

მიყენებული ტრავმების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალნენ ე.მ. და ე.ა., ხოლო საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ - ა.მ. და მ.მ.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით და 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაცდელში მიტოვებას და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები