ავღანეთი

საფრანგეთი ავღანეთის მთავრობას: არ გაათავისუფლოთ ფრანგების მკვლელობაში ბრალდებულები

DW

საფრანგეთმა ავღანეთის მთავრობას სთხოვა, პატიმრების გათავისუფლების ფარგლებში, ციხიდან არ გამოუშვან ის პირები, რომლებიც საფრანგეთის მოქალაქეების მკვლელობაში არიან ბრალდებულები. ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გააკეთეს.

თალიბანთან შეთანხმების ფარგლებში 400 პატიმარი უნდა გაათავისუფლონ. ამ დროისთვის უკვე გაათავისუფლეს 80 პირი. საფრანგეთი ეწინააღმდეგება სამი პატიმრის გათავისუფლებას, რომლებიც ბრალდებული არიან ფრანგი ქალის, ბეტინა გოსლარის და 5 ფრანგი ჯარისკაცის მკვლელობაში. გოსლარი გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატში მუშაობდა. ის 2003 წელს ორმა თავდამსხმელმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა მაშინ, როდესაც ღაზნის ქუჩაში გაეროს მანქანით გადაადგილდებოდა. ის გაეროს პირველი თანამშრომელი იყო, რომელიც თალიბანის რეჟიმის დამხობის შემდეგ ავღანეთში მოკლეს. მკვლელობაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო და მიზეზად დაასახელა, რომ ქალი ქრისტიანი იყო. გოსლარის ოჯახი მკვლელობაში ბრალდებულების გათავისუფლებას ეწინააღმდეგება.

"საფრანგეთს განსაკუთრებით აშფოთებს გასათავისუფლებელ პირებს შორის რამდენიმე ტერორისტის ყოფნა, რომლებიც ბრალდებულები არიან ავღანეთში საფრანგეთის მოქალაქეების მკვლელობაში. ჩვენ მტკიცედ ვეწინააღმდეგებით ნებისმიერი პირის ციხიდან გამოშვებას, რომელიც საფრანგეთის მოქალაქის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში არის ბრალდებული, განსაკუთრებით ჯარისკაცების და ჰუმანიტარულ საქმიანობაში ჩართული პირების. ამიტომ, ჩვენ ავღანეთის მთავრობას ვთხოვეთ არ გაათავისუფლონ ეს ტერორისტები". – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ავღანეთში მიმდინარე მოლაპარაკებები თალიბანის პატიმრების გათავისუფლებაზე უთანხმოების გამო არაერთხელ შეყოვნდა. პატიმრების გათავისუფლება 19-წლიანი კონფლიქტის დასასრულებლად სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობა იყო.

ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გაცხადებით, ეს ნაბიჯი პირდაპირი მოლაპარაკებების პროცესის დაჩქარებასა და ქვეყნის მასშტაბით ცეცხლის შეწყვეტას ემსახურება. 400-ვე პატიმრის გათავისუფლების შემდეგ იგეგმება მოლაპარაკებების დაწყება კატარში.

წლის დასაწყისში აშშ-მ და თალიბანმა ავღანეთის სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ხელშეკრულების მიხედვით, აშშ-ს ჯარმა ავღანეთი მომდევნო 14 თვის განმავლობაში უნდა დატოვოს. გარიგება ითვალისწინებს ავღანეთში მიმდინარე ომის დასრულებას, ხელმოწერის შემდეგ კი უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები თალიბანსა და ავღანეთის ცენტრალურ ხელისუფლებას შორის. თალიბანის 5000 მებრძოლის გათავისუფლება ავღანეთის მთავრობასა და თალიბანს შორის მოლაპარაკებების დაწყების ერთ-ერთი წინაპირობა იყო.

მარტში ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმიმ თალიბანის წევრი 1 500 პატიმრის გათავისუფლების ბრძანება გასცა. სანაცვლოდ თალიბანი დათანხმდა, გაათავისუფლოს მთავრობის 1 000 ტყვედ ჩაგდებული ჯარისკაცი.

თუმცა 7 აპრილს თალიბანი ავღანეთის მთავრობასთან პატიმრების გაცვლის მოლაპარაკებიდან გავიდა. თალიბანმა განაცხადა, რომ პატიმრების გათავისუფლება შეფერხდა და ტექნიკური გუნდი უნაყოფო შეხვედრებში მონაწილეობას არ მიიღებს. დარჩენილი 400 პატიმრის გათავისუფლებამ მოლაპარაკებები უნდა განაახლოს.

კომენტარები