კორონავირუსის რუსული ვაქცინა

გამოკითხვის მიხედვით, რუსი ექიმების ნახევარზე მეტი კორონავირუსის რუსულ ვაქცინას არ ენდობა

Moskva News Agency

RBK ჯგუფი აქვეყნებს კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვითაც, რუსი ექიმების ნახევარზე მეტი, 52%, კორონავირუსის რუსულ ვაქცინას არ ენდობა.

ონლაინ გამოკითხვაში მონაწილეობა 3 000-ზე მეტმა ექიმმა მიიღო. 52%-მა თქვა, რომ ახალ ვაქცინას არ გაიკეთებს. მათი ნაწილი მიზეზად ასახელებს ინფორმაციის ნაკლებობას, რაც მის ეფექტურობას დაადასტურებდა, ნაწილს კი მიაჩნია, რომ ვაქცინა ზედმეტად სწრაფად დაამზადეს. იმ ექიმების 20%, რომლებმაც ვაქცინის უსაფრთხოებაში და ეფექტურობაში ეჭვი შეიტანეს, ამბობს, რომ მიუხედავად ამისა, აცრის გაკეთება ურჩიეს პაციენტებს, მეგობრებს და კოლეგებს. 3 000-ზე მეტი ექიმიდან მხოლოდ 24.5% ამბობს, რომ სურვილი აქვს აიცრას.

გამოკითხვის პასუხად, რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ოლეგ სალაგაიმ თქვა, რომ ნდობა წლობით გამოყენების შემდეგ მყარდება: "ნდობა არ უნდა აგვერიოს უსაფრთხოებისა და ეფექტურობის ოფიციალურ შეფასებაში. ეს შედეგები გვაჩვენებს, რომ ვაქცინის გამოყენება შესაძლებელია". – დაწერა მან Telegram-ზე.

რუსეთის მთავრობის განცხადების მიხედვით, ვაქცინას პირველ რიგში ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლები და მასწავლებლები მიიღებენ და ვაქცინაცია აგვისტოს ბოლოს დაიწყება.

Sputnik V-ის აცრა ორ ეტაპად ტარდება და მისი შემქმნელი კვლევითი ინსტიტუტი Gamaleya ირწმუნება, რომ 2 წლის განმავლობაში კორონავირუსზე იმუნიტეტის გარანტიას იძლევა.

ვლადიმერ პუტინი ირწმუნება, რომ ამ ვაქცინამ ყველა საჭირო შემოწმება გაიარა, თუმცა რუსეთს ვაქცინის ტესტირებაზე სამეცნიერო ინფორმაცია არ გაუზიარებია.

Reuters-ი წერს, რომ კლინიკური ცდების დაახლოებით 10% არის წარმატებული და ზოგი მეცნიერი შიშობს, რომ მოსკოვი, შესაძლოა, ეროვნულ პრესტიჟს უსაფრთხოებაზე წინ აყენებს.

მსოფლიოში ამჟამად 100-ზე მეტ ვაქცინას ავითარებენ, რათა ახალი კორონავირუსის პანდემია შეაჩერონ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, სულ მცირე 4 მათგანი გამოცდის მესამე ეტაპზეა.

კომენტარები