ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები

კანადა და ირლანდია ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ ცნობს

0 კომენტარი
ფრანსუა-ფილიპ შამპანმა ფოტო: iheartradio

ირლანდიამ და კანადამ უარი განაცხადეს ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების ცნობაზე. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროები ავრცელებენ.

ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი, საიმონ კოვენი თვლის, რომ არჩევნების შედეგები არალეგიტიმურია და ამაზე მეტყველებს დაშინებები და დაკავებები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ, ასევე, მთავრობის რეაქცია მშვიდობიან დემონსტრაციებზე, რომლებიც ახლა ბელარუსში მიმდინარეობს.

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფრანსუა-ფილიპ შამპანმა, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებს ფალსიფიცირებული უწოდა და მოუწოდა ბელარუსის მთავრობას ჩაეტარებინა ხელახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. შამპანმა სთხოვა ეუთოს, გამოეძიებინა ბელარუსის არჩევნები. მინისტრმა ასევე გააკრიტიკა ის მკაცრი ზომები, რომლებიც დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენეს.

ბელარუსის არჩევნების შედეგებს ასევე არ ცნობს ევროკავშირი. 14 აგვისტოს ჩატარებული ვიდეოკონფერენციის შემდეგ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა დაწერა, რომ ევროკავშირი ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ახლა მუშაობას იწყებს არჩევნების გაყალბებასა და ბელარუსში ძალადობაზე პასუხისმგებელი პირებისთვის სანქციების დაწესებაზე. 

ბელარუსში ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ ევროპარლამენტარები. 17 აგვისტოს, ევროპარლამენტარებმა, ევროპის სახალხო პარტიის, სოციალისტებისა და დემოკრატების, განაახლე ევროპის, მწვანეების და ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების პრეზიდენტებმა ერთობლივ განცხადება გაავრცელეს ბელარუსში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ისინი ხელახალი, თავისუფალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ და გმობენ მშვიდობიანი მომიტინგეების წამებას და მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენებას.

ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც და სიტუაციას საშინელი უწოდა. მან თქვა, რომ აშშ ახლოდან დააკვირდება მოვლენების განვითარებას.

უკვე კვირაზე მეტია, რაც ბელარუსში აქციები მიმდინარეობს. აქციები 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, რომელშიც ადგილობრივი ცესკო-ს მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 80%-ზე მეტი აიღო.

ათასობით ადამიანი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვს, რომელმაც, 17 აგვისტოს გაფიცულ მუშებთან შეხვედრის დროს თქვა, რომ სანამ არ მოკლავენ, ახალ არჩევნებს არ დანიშნავს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები