არჩევნები 2020

მელია: დიდუბე-ჩუღურეთში ჯაფარიძეს ვუჭერთ მხარს, საბურთალოზე უბრალოდ კანდიდატს არ ვაყენებთ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას თქმით, მისი პარტია დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში ოპოზიციის საერთო კანდიდატს, ზურაბ ჯაფარიძეს მხარს დაუჭერს და გამარჯვებაში დაეხმარება. 

რაც შეეხება საბურთალოს ოლქს, სადაც დღეს ოპოზიციურმა პარტიებმა საერთო კანდიდატად გამარჯვებული საქართველოს ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი წარადგინეს, ნიკა მელიას განმარტებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იქ უბრალოდ კანდიდატს არ დააყენებს. 

"ვინაიდან საბურთალოს ოლქში არის არაერთი ღირსეული ოპოზიციური კანდიდატი წარმოდგენილი, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უბრალოდ, არ დავაყენოთ კანდიდატი საბურთალოს რაიონში. ბატონ ზურაბ ჯაფარიძეს მკაფიოდ ვუჭერთ მხარს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში და თავიდან ბოლომდე მას გამარჯვებაში დავეხმარებით ბატონი ვოლსკის დამარცხებაში. რაც შეეხება საბურთალოს, იქ უბრალოდ კანდიდატს არ ვაყენებთ". – თქვა ნიკა მელიამ მთავარისთვის მიცემულ კომენტარში. 

საბურთალოს საარჩევნო ოლქში ირაკლი ოქრუაშვილის გარდა ამ დროისთვის სამი ოპოზიციური კანდიდატია წარმოდგენილი – ლელოს ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე; მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი და ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის ლიდერი, ლევან გოგიჩაიშვილი. არცერთ ამ პარტიას საერთო ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმებაში მონაწილეობა არ მიუღია. 

18 აგვისტოს ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეკრებილი ოპოზიციური პარტიები თბილისში დარჩენილ ორ ოლქშიც შეთანხმდნენ მაჟორიტარი დეპუტატობის საერთო კანდიდატზე. 

დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი პარტია გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე იქნება, ხოლო საბურთალოს ოლქში გამარჯვებული საქართველოს ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი. 

ქართული ოცნებიდან ზურაბ ჯაფარიძის ოპონენტი დეპუტატი გია ვოლსკი იქნება, ხოლო ირაკლი ოქრუაშვილის კი - ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით სერგეენკო. 

რაც შეეხება დანარჩენ 22 საარჩევნო ოლქს, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ შეთანხმებიდან გასვლა და 22-ვე ოლქში საკუთარი კანდიდატის დაყენება გადაწყვიტა, რის შემდეგაც ევროპულმა საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, თქვა, რომ ოპოზიციას ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან საერთო მაჟორიტარებზე ორი კონკრეტული შეთავაზება ჰქონდა და პარტიას მოსაფიქრებლად რამდენიმე დღე მისცა, თუმცა, უკუკავშირის არ არსებობის შემდეგ, ევროპულმა საქართველომ საკუთარი კანდიდატები წარადგინა.

კომენტარები