ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგის ლიდერი აშშ-ს მიერ დაწესებულ სანქციებზე: გულთან ახლოს არ მივიტან

ჰონგ-კონგის ლიდერმა, კერი ლამმა, განაცხადა, რომ აშშ-ს მიერ მისდამი დაწესებულ სანქციებს გულთან ახლოს არ მიიტანს. 

8 აგვისტოს აშშ-მ ჰონგ-კონგის ავტონომიის ძირის გამოთხრისთვის, ჰონგ-კონგის მოქალაქეებისთვის გამოხატვის და შეკრების თავისუფლების შეზღუდვისთვის 11 მაღალჩინოსანს, მათ შორის, ქალაქის ლიდერს, კერი ლამს, სანქციები დაუწესა.

სანქციებით მათ აშშ-ში ნებისმიერი აქტივი ეყინებათ და ამერიკელებს მათთან ბიზნესის კეთება ეკრძალებათ.

"ჩემ პირად საქმეებში გარკვეული დისკომფორტის მიუხედავად, გულთან [ახლოს] არაფერს მივიტან. ჩვენ გავაგრძელებთ ვაკეთოთ ის, რაც არის კარგი ქვეყნისთვის და ჰონგ-კონგისთვის." – განაცხადა კერი ლამმა. 

ლამის თქმით, სანქციებით, მართალია, მას აღარ შეუძლია აშშ-ში გამგზავრება, მაგრამ მისი მთავრობა გააგრძელებს ჰონგ-კონგის რეკლამირებას აშშ-ს ბიზნესებისთვის. 

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს მთავრობამ ასევე მოითხოვა, რომ ჰონგ-კონგში დამზადებულ აშშ-ში გასაგზავნ პროდუქციას 25 სექტემბრიდან ეწეროს "დამზადებულია ჩინეთში".

ამას გამოეხმაურა ჰონგ-კონგის ლიდერი, როდესაც თქვა, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ჩინეთი და ჰონგ-კონგი დამოუკიდებელი წევრები არიან და აშშ-ს ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ ჰონგ-კონგი სარჩელს შეიტანს.

ჰონგ-კონგის მთავრობა აშშ-ს მიერ დაწესებულ სანქციებს "სამარცხვინოს და საზიზღარს" უწოდებს და მიიჩნევს, რომ ეს "უხეში და ბარბაროსული" ჩარევაა ჩინეთის შიდა საქმეებში.

პეკინის მთავრობასთან დაახლოებული კერი ლამის გადადგომას ჰონგ-კონგელები წელიწადზე მეტია, ექსტრადიციის კანონპროეტის გაწვევის მიუხედავად ითხოვენ. ჰონგ-კონგელები წელიწადზე მეტია ჩინეთის წნეხისგან გათავისუფლებას და მეტ თავისუფლებას ითხოვენ. მილიონობით ჰონგ-კონგელმა არაერთხელ გამართეს ამ მოთხოვნებით საპროტესტო აქცია, რაც პოლიციამ ძალადობრივად არაერთხელ დაარბია. ჰონგ-კონგის პროემოკრატიული მოძრაობის საპასუხოდ პეკინმა ეროვნული უსაფრთხოების კანონი აამოქმედა, რაც ქალაქის ავტონომიის ფაქტობრივ დასრულებას ნიშნავს.

---------------

ჰონგ-კონგის უშიშროების ახალი კანონები 30 ივნისს მიიღო. ახალი კანონებით, სეცესიით მთავრობის დამხობის მცდელობა, ტერორიზმის ან საგარეო ძალებთან შეთქმულება, სულ მცირე, სამწლიანი, სერიოზულ შემთხვევებში კი – სამუდამო პატიმრობით დაისჯება. ცეცხლის წაკიდება და საზოგადოებივი ტრანსპორტის დაზიანება იმ განზრახვით, რომ ჰონგ-კონგის მთავრობა ან ჩინეთის კომუნისტური მთავრობა პოლიტიკური მიზეზებით დააშინო, კანონით ტერორიზმის აქტად ჩაითვლება.

კანონის დამრღვევებს საჯარო სამსახურებში მუშაობა აეკრძალებათ. პეკინმა ჰონგ-კონგში უშიშროების ოფისი გახსნა, სადაც საკუთარი სამართალდამცავები ჰყავს. ჰონგ-კონგის მმართველს ეროვნული უსაფრთხოების საქმეებზე მოსამართლეების დანიშვნის უფლება ექნება და იუსტიციის მინისტრი გადაწყვეტს, უნდა იყვნენ თუ არა ნაფიცი მსაჯულები. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივი გასაჩივრება შეუძლებელი გახდება. ეროვნული უსაფრთხოების ოფისები შეაგროვებენ და გააანალიზებენ ინფორმაციას და ზედამხედველობას გაუწევენ ჰონგ-კონგის პოლიციას.
 

კანონების საფუძველზე ჰონგ-კონგის პოლიციას უფლებები გაეზარდა, მათ შორის, შეეძლებათ რეიდები და თვალთვალი ორდერის გარეშე ჩაატარონ. ცვლილებების საფუძველზე პოლიციას ეხსნება ზედამხედველობის სისტემის ნაწილი, რომელიც ამ დრომდე მათ ქცევას აკონტროლებდა. თუ პოლიცია ჩათვლის, რომ ეროვნული მნიშვნელობის გადაუდებელი საფრთხე არსებობს, მათ შეუძლიათ, ორდერის გარეშე ჩაატარონ ჩხრეკა, ამოიღონ ინფორმაცია ონლაინპლატფორმებიდან, აწარმოონ თვალთვალი და ა. შ.

პოლიციას შეეძლება, ონლაინ მედიაკომპანიებს უბრძანოს მისთვის ინფორმაციის გადაცემა, ამოიღოს მათი ტექნიკა, დააჯარიმოს ან დააკავოს მათი თანამშრომლები უარის შემთხვევაში. კომპანიებს ასევე მოუწევთ, პოლიციასთან ითანამშრომლონ პირების იდენტიფიკაციისა და შიფრის მოხსნის თვალსაზრისითაც. ამის გამო სოციალური მედიის კომპანიებმა გამოაცხადეს, რომ ჰონგ-კონგის პოლიციასთან თანამშრომლობას წყვეტენ. ზოგი მათგანი ჰონგ-კონგიდან მთლიანად გადის.

ჩინეთი ირწმუნება, რომ ახალი კანონები წინააღმდეგობაში არ მოდის "ერთი ქვეყანა - ორი სისტემის" პრინციპებთან და ის ქალაქში სტაბილურობის დამყარებას შეუწყობს ხელს. კონტინენტურ ჩინეთში ეროვნული უსაფრთხოების კანონებს აქტივისტების, ადამიანის უფლებათა დამცველების, ადვოკატებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ იყენებენ.

ვრცლად უშიშროების ახალი კანონების შესახებ წაიკითხეთ სტატიაში - ერთი ქვეყანა, ერთი სისტემა - ჰონგ-კონგის ავტონომიის დასასრულის დასაწყისი.

კომენტარები