გიორგი შაქარაშვილის საქმე

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულმა არასრულწლოვანმა ზ.ხ.-მ შიმშილობა დაიწყო

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულმა ერთერთმა არასრულწლოვანმა, ზ.ხ.-მ შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ ბრალდებულის მამამ სასამართლოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. 

მისი თქმით, ბრალდებული ითხოვს, რომ გამოიკითხოს სიცრუის დეტექტორის საშუალებით და ასევე მოითხოვს, პროკურორის აცილებას, რადგან მისი თქმით, პროკურორმა არასრულწლოვნის ჩვენებები გააყალბა. 

"ჩემმა შვილმა დღეს ოფიციალურად განაცხადა სასამართლოზე, რომ ის იწყებს შიმშილობას, სანამ მის ჩვენებებს არ გაატარებენ სიცრუის დეტექტორზე. ასევე უნდა გაატარონ ამირხანაშვილის ჩვენებებიც. 

მეორე მოთხოვნა არის მედიასთან კავშირი, ჩვენ გვინდა, რომ თქვენ გააშუქოთ. ესენი გვიშლიან ხელს, არ უნდათ, რომ ხალხმა სიმართლე გაიგოს. ამიტომ, მე გადავწყვიტე, წავიდე გენერალური პროკურატურის წინ და დავიწყო შიმშილობა იქამდე, სანამ ჩემი შვილი იშიმშილებს. ჩემმა შვილმა წეღან ჩამოუყალიბა მოსამართლეს, რომ ის პროკურორი, რომელიც ზის მის წინ და სდებს მას ბრალს, აქვს პირადი ინტერესები და მან გაუყალბა ჩემს შვილს ჩვენება". – ამბობს არასრულწლოვანის მამა. 

გიორგი შაქარაშვილი საქმის თვენახევრიანი მოკვლევის შემდეგ, 11 აგვისტოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი ხუთ დაკავებულს წარუდგინა. მიუხედავად იმისა, რომ საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) აქამდეც იძიებდნენ, ამ დრომდე ამ მუხლის საფუძველზე 17-დან არცერთ დაკავებულს ბრალი წარდგენილი არ ჰქონია.

პროკურატურის ცნობით, სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი ამ ხუთმა ადამიანმა მდინარე არაგვში გადააგდეს, რის შედეგადაც, ის გარდაიცვალა.

შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე დაკავებული 17 ადამიანიდან 6 არასრულწლოვანია.

კომენტარები