ძალადობა პანკისში

პანკისის სათემო რადიო: ქუჩაში შორტებით გადაადგილების გამო პანკისში მამა-შვილს სცემეს

imedinews.ge

8 აგვისტოს ქუჩაში შორტებით გადაადგილების გამო პანკისში მამა-შვილს სცემეს – ამის შესახებ ინფორმაციას პანკისის სათემო რადიო ავრცელებს. გელა წელაურსა და მის არასრულწლოვან შვილს სამი ახალგაზრდა თავს სოფელ ყვარელწყლის გადასახვევთან დაესხა.

"თბილისიდან მე და ჩემი შვილი ვიყავით ჩამოსული, ეზოს მივხედეთ, ერთი ღამე დავრჩით და მეორე დღეს უკან ვბრუნდებოდით. წასვლამდე კაფეში ხინკალი შევუკვეთეთ. გვინდოდა, თბილისში წაგვეღო. ხინკლის წასაღებად რომ მივედით, მე კაფეში შევედი, ჩემი შვილი მანქანასთან გაჩერდა. მალევე კაფედან დავინახე, რომ ჩემს შვილთან ახალგაზრდები მივიდნენ და ხმამაღლა ესაუბრებოდნენ. გარეთ გამოვედი. ვიკითხე, რა ხდებოდა.

რატომ გაცვიათო შორტები? ჩემმა შვილმა უპასუხა, ცხელა და იმიტომო. ეს პანკისია, აქ ასე სიარული არ შეიძლება და ჩვენ გიკრძალავთო შორტების ჩაცმას.

[...] ეს ახალგაზრდები გაღიზიანდნენ და ხელი მკრეს. წავიქეცი და მერე წიხლებით შემდგნენ. ჩემი შვილიც სცემეს. სამივე მონაწილეობდა, მაგრამ ისლამ ფარეულიძე ყველაზე მეტად აქტიურობდა". – ამბობს გელა წელაური პანკისის სათემო რადიოსთან საუბარში.

წელაურს ხელის მოტეხილობა და დაჟეჟილობა აქვს მარცხენა თვალბუდისა და თავის არეში. მსუბუქი დაზიანებები მიიღო 16 წლის ბავშვმაც. 

ტაბულამ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაამოწმა. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს. 

კომენტარები