ტურიზმი

აირზენა ბერლინის და პარიზის მიმართულებით თითო ჩარტერულ რეისს აგვისტოში კიდევ შეასრულებს

ეკონომიკის სამინისტრო

საქართველოს ავიახაზები 21 აგვისტოს ბერლინის, ხოლო 28 აგვისტოს პარიზის მიმართულებით შეასრულებს ჩარტერულ რეისებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ აირზენას ამ თარიღებში ფრენის უფლება უკვე მისცა.

რეისები შემდეგი განრიგით შესრულდება:

  • 21 აგვისტო, თბილისი - ბერლინი - თბილისი (გაფრენა 09:30, მოფრენა 17:50);
  • 28 აგვისტო, თბილისი - პარიზი - თბილისი (გაფრენა 08:15, მოფრენა 19:00);

"ამავე რეისების დარჩენილ ბილეთებთან დაკავშირებით, მგზავრობის მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ გადამყვან ავიაკომპანიას." - აცხადებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.

აგვისტოს თვეში ავიაკომპანია აირზენას კიდევ ოთხი ჩარტერული რეისი აქვს შესასრულებელი - ამსტერდამის და ვენის მიმართულებით.

საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე აკრძალვა პირველ ოქტომბრამდე გახანგრძლივდა. საქართველოში მარტის შემდეგ ჩაკეტილი საერთაშორისო ტურიზმი 1 ივლისიდან უნდა გახსნილიყო, თუმცა, საქართველოს მთავრობამ რეგულარული ფრენების აღდგენა ჯერ 1 აგვისტომდე, შემდეგ 1 სექტემბრამდე, ხოლო ახლა - კიდევ ერთი თვით გადაავადა. მიზეზად მმართველი გუნდი კორონავირუსის საფრთხეს და "მოქალაქეებზე ზრუნვას" ასახელებს.

შეზღუდვა არ ვრცელდება მხოლოდ იმ სამ მიმართულებაზე, რომელიც აგვისტოდან თბილისის პარიზის შარლ დე გოლის, მიუნხენის და რიგის საერთაშორისო აეროპორტებში სრულდება. თბილისიდან მიუნხენში ავიაკომპანია Lufthansa დაფრინავს კვირაში ორჯერ, პარიზში - Air France - ასევე კვირაში ორჯერ. რაც შეეხება რიგას, ავიაკომპანია Air Baltic ჯერჯერობით, კვირაში მხოლოდ ერთხელ ასრულებს რეისებს.

დაბალბიუჯეტიან კომპანიებს - Wizzair-ს და Ryanair-ს ხელისუფლება ამ ეტაპზე ფრენის ნებართვას არ აძლევს, რადგან ეკონომიკის მინისტრის თქმით, დაბალბიუჯეტიან კომპანიებს კვირაში ერთი და ორი ფრენა არ აწყობთ". ნათია თურნავა ამბობს, რომ Wizzair-ს და Ryanair-ს ათზე მეტ მიმართულებაზე სურთ ფრენა, რისთვისაც, მისი აზრით, საქართველო და მსოფლიო ახლა მზად არ არის და "როდესაც ვიქნებით ამისთვის მზად, მსოფლიო და ის ქვეყნები როდესაც იქნებიან მზად, საიდანაც ისინი იფრენენ, დავუშვებთ ამ ფრენებს".

საქართველო იმ ქვეყანათა სიაში შევიდა, რომლებსაც ევროკავშირმა საზღვრები პირველი ივლისიდან გაუხსნა, თუმცა, საქართველოს მთავრობა უპირობოდ მხოლოდ ევროკავშირის ხუთი ქვეყნის მოქალაქეებს უშვებს. გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიტვის და ესტონეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეუძლიათ, თუმცა, იმავე ქვეყნებიდან ჩამოსულმა საქართველოს მოქალაქეებმა ორკვირიანი კარანტინი უნდა გაიარონ.

კომენტარები