ლიბანი

გაეროს ტრიბუნალმა რაფიკ ჰარირის მკვლელობაში ჰეზბოლას წევრი ცნო დამნაშავედ

გაეროს ტრიბუნალმა 2005 წელს ლიბანის ყოფილი პრემიერმინისტრის, რაფიკ ჰარირის მკვლელობაში მონაწილეობაში დამნაშავედ დაჯგუფება ჰეზბოლას ერთი წევრი, სალიმ აიაში ცნო. მოგვიანებით გახდება ცნობილი სასჯელის ზომა, რასაც აიაშს მიუსჯიან. უმკაცრესი განაჩენი, რომლის გამოტანაც ტრიბუნალს შეუძლია, სამუდამო პატიმრობაა.

გამოძიებამ აიაშთან ერთად ბრალდებული ჰეზბოლას კიდევ სამი წევრის წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულება ვერ მოიპოვა, რის შედეგადაც ისინი გაამართლეს.

ასევე, ტრიბუნალმა დაადგინა, რომ არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ თავდასხმაში ჰეზბოლას ლიდერები და სირიის მთავრობა იყო ჩართული.

მოსამართლე დავიდ რემ სასამართლოს დასკვნა გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც, მიუხედავად მოტივების არსებობისა, ჰარირიზე თავდასხმასთან ჰეზბოლას და სირიის კავშირის დამადასტურებელი საბუთები არ არსებობს. დასკვნაში ასევე წერია, რომ აფეთქებაში ბრალდებული 4 პირის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებები "თითქმის მთლიანად ირიბია".

ბრალდებულებს დაუსწრებლად ასამართლებენ. მკვლელობასთან დაკავშირებული მეხუთე პირი, ჰეზბოლას სამხედრო მეთაური, მუსტაფა ამინე ბადრედინი სირიაში 2016 წელს მოკლეს. ჰეზბოლა ჰარირიზე თავდასხმასთან კავშირს უარყოფს. ჰარირი ლიბანში ერთ-ერთი წამყვანი სუნიტი პოლიტიკოსი იყო და ლიბანიდან სირიის ძალების გაყვანას ითხოვდა.

რაფიკ ჰარირი ბეირუთის ცენტრალურ უბანში, სასტუმრო სენტ ჯორჯთან ახლოს 2005 წლის 14 თებერვალს მოკლეს. ჰარირის კორტეჟს 1 800 კილოგრამი ტროტილით დატვირთული მიცუბიშის მარკის ავტომობილი შეეჯახა, რომელსაც თვითმკვლელი ტერორისტი მართავდა. აფეთქების შედეგად დაიღუპა 23 ადამიანი, დაშავდა - 226. ამ დროისთვის ჰარირი უკვე აღარ იკავებდა პრემიერის პოსტს.

მის მკვლელობას მასშტაბური გამოსვლები მოჰყვა ქვეყნის პროსირიული მთავრობის წინააღმდეგ. ორ კვირაში მთავრობა გადადგა და სირიამ ძალები გაიყვანა.

ტრიბუნალი 2007 წელს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის საფუძველზე შეიქმნა. გამოძიების ხარჯებმა 1 მილიარდ დოლარს მიაღწია, რომლის 49% ლიბანმა გაიღო. სასამართლო პროცესი 2014 წელს დაიწყო და მის ფარგლებში 297 მოწმეს მოუსმინეს.

კომენტარები