ბელარუსი

მინსკის საავადმყოფოში გარდაიცვალა დემონსტრანტი, რომელიც ბრესტში პოლიციამ დაჭრა

Валерий Шарифулин / ТАСС / Scanpix / LETA

მინსკის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა 43 წლის გენადი შუტოვი, რომელიც 11 აგვისტოს თავში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. მედიას ინფორმაცია გარდაცვლილის ოჯახმა მიაწოდა.

გენადი შუტოვის შვილის ინფორმაციით, ბრესტში 9-11 აგვისტოს აქციების დარბევის შემდეგ ოჯახი ორი დღის განმავლობაში ვერ პოულობდა შუტოვს.მოგვიანებით გაირკვა, რომ გენადი შუტოვი ჯერ ბრესტის საავადმყოფოში მიიყვანეს, ხოლო შემდეგ ვერტმფრენით მინსკის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ბრესტში 9-11 აგვისტოს აქციების დარბევის შემდეგ საავადმყოფოს ასამდე ადამიანმა მიმართა. 12 აგვისტოს ბელარუსის შსს-ს პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ქალაქ ბრესტში აგრესიული დემონსტრანტების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს. მოგვიანებით ამ ინფორმაციის შემცველი პოსტი ჩასწორდა და განცხადებიდან ამოიღეს სიტყვა ცეცხლსასროლი.

ამ დრომდე ბელარუსში მიმდინარე აქციების შედეგად ცნობილი იყო ორი ადამიანის გარდაცვალების შესახებ. 34 წლის ალექსანდრ ტარაიკოვსკი და 25 წლის ალექსანდრ ვიხორი.

ბელარუსის შსს-ს ინფორმაციით, ალექსანდრ ტარაიკოვსკის ხელში ასაფეთქებელი მოწყობილობა აუფეთქდა, თუმცა მისი პარტნიორის განცხადებით, მას პოლიციამ ესროლა. Associated Press-ის ჟურნალისტმა 10 აგვისტოს გადაიღო ვიდეო, სადაც ჩანს დაჭრილი მომიტინგე დასისხლიანებული მაისურით, რომელიც მალევე ძირს ეცემა. მის წინ არის რამდენიმე სამართალდამცავი, ზოგი მათგანი მივიდა იმ ადგილას, სადაც მომიტინგე დაეცა და მის გარშემო დადგა. გერმანმა ნახა ვიდეო და თქვა, რომ ეს პირი ტარაიკოვსკია.

AP წერს, რომ ვიდეოში არ ჩანს თუ რატომ დაეცა მომიტინგე ან როგორ დასისხლიანდა მისი მაისური, თუმცა ვიდეოში არც ის ჩანს, რომ მას ხელში ასაფეთქებელი საშუალება ჰქონდა და აუფეთქდა, როგორც ამას ბელარუსის მთავრობა ირწმუნება.

მეორე დემონსტრანტი, ალექსანდრ ვიხორი დაკავების შემდეგ ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ვიხორის დედის თქმით, მას გულის პრობლემები ჰქონდა და თუ დიდხანს იყო დაკავებული პოლიციის ფურგონში, შესაძლოა, ცუდად გამხდარიყო. გარდაცვლილის დედის განცხადებით, ის არ მონაწილეობდა დემონსტრაციებში და შეყვარებულის სანახავად მიდიოდა, როცა დააპატიმრეს.

უკვე კვირაზე მეტია, რაც ბელარუსში აქციები მიმდინარეობს. აქციები 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, რომელშიც ადგილობრივი ცესკო-ს მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 80%-ზე მეტი აიღო. ევროკავშირი არჩევნების შედეგებს არ ცნობს.

ათასობით ადამიანი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვს, რომელმაც დღეს, 17 აგვისტოს გაფიცულ მუშებთან შეხვედრის დროს თქვა, რომ სანამ არ მოკლავენ, ახალ არჩევნებს არ დანიშნავს.

კომენტარები