კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

გენერალი ბენ ჰოჯესი GNCC-ს: პატივი ეცით საქართველოს ციფრულ დამოუკიდებლობას რუსეთისაგან

AP

ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილი ხელმძღვანელი, გენერალი ბენ ჰოჯესი საკუთარ Twitter-ზე წერს, რომ საქართველოს მთავრობა იმავე შეცდომას უშვებს, რაც ანაკლიის პროექტის შემთხვევაში დაუშვა და კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მოუწოდებს პატივი სცეს საქართველოს ციფრულ დამოუკიდებლობას რუსეთისაგან.

"სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობა ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ციფრულ გზაზე იმავე შეცდომას უშვებს, რაც ანაკლიაში დაუშვა. კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მოვუწოდებ პრიორიტეტი მიანიჭოს იმას, რაც საქართველოსთვის საუკეთესოა და პატივი სცეს ქვეყნის ციფრულ დამოუკიდებლობას რუსეთისაგან." – დაწერა მან.

ჰოჯესმა გააზიარა უკრაინაში აშშ-ს ყოფილმა სპეციალური წარმომადგენლის კურტ ვოლკერის ინტერვიუ BMG-სთან რომელშიც მან თქვა, რომ კომუნიკაციების სექტორში ახალ რეგულაციებს საქართველოს საინვესტიციო კლიმატის დაზიანების პოტენციალი აქვს და ახალი კანონი Caucasus Online-ს დაბრკოლებას უქმნის შექმნას ახალი ოპტიკური ინფრასტრუქტურა, რომელიც ევროპასა და ცენტრალურ აზიას დააკავშირებს.

ვოლკერს მიაჩნია, რომ პროცესი დაჩქარებულად და საჭირო მოლაპარაკებების გარეშე წარიმართა. მისი თქმით, ეს პროექტი რუსეთისაგან დამოუკიდებლობის გაზრდას შეუწყობს ხელს და ამიტომ საქართველოს ინტერესში შედის.

ივლისში საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები, რომელიც კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ლიცენზირებულ და ავტორიზებულ კომპანიებში სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლებას აძლევს.

დამტკიცებული კანონით, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას შეუძლია, ლიცენზირებულ კომპანიებში სპეციალური მმართველი დანიშნოს. მმართველი, ფაქტობრივად, შეუზღუდავი ძალაუფლებით იქნება აღჭურვილი, კერძოდ:

ა) დანიშნოს ან/და გაათავისუფლოს ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის დირექტორ(ებ)ი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრ(ებ)ი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ბ) სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით სადავო გახადოს ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის მიერ სპეციალური მმართველის დანიშვნამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული ქმედება ან დადებული გარიგება და მოითხოვოს მათი ბათილობა, თუ აღნიშნული ქმედების ან გარიგების შედეგად ზიანი მიადგა/ზიანი ადგება ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს;

გ) ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ პირს შეუჩეროს ან შეუზღუდოს მოგების განაწილება, დივიდენდებისა და პრემიების გაცემა, ხელფასების გაზრდა;

დ) ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის მმართველობითი ორგანოს სხვა ფუნქციები (გარდა ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის წილის/აქციების განკარგვისა);

კანონპროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა. მას ოპოზიცია და ბიზნესსექტორი ეწინააღმდეგება.

რა ინტერესები დგას ამ ინიციატივის მიღმა, წაიკითხეთ აქ.

კომენტარები