არჩევნები 2020

"ხელი მოვაწერო მიუღებელ ხალხთან ერთად?" - ელისაშვილი ოპოზიციის დეკლარაციებს არ შეუერთდება

droa.ge

პარტია მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი ოპოზიციის შემუშავებულ დეკლარაციებს ხელს არ მოაწერს და ამბობს, რომ ეს მისთვის პრინციპული საკითხია. ოპოზიციური პარტიების ერთი შეთანხმება ხმების დაცვას ეხება, ხოლო მეორე გაითვალისწინებს იმას, რომ ოპოზიციური პარტიები ქართულ ოცნებას კოალიციას არ შეუქმნიან.

ალეკო ელისაშვილმა რუსთავი ორის ეთერში, დღის კურიერში თქვა, რომ "არ ვაპირებ [ხელის მოწერას], ნინო ბურჯანაძე და პუტინის დამქაშები ჭკუას ნუ გვასწავლიან".

გადაცემის წამყვანმა მას დაუზუსტა, რომ დოკუმენტები მხოლოდ ნინო ბურჯანაძეს არ შეუმუშავებია, რაზეც საბურთალოს მაჟორიტარი კანდიდატი ამბობს, რომ "გიორგი ვაშაძე ვინ არის? ვანო ჩხარტიშვილმა გააპარტახა ეს ქვეყანა და მაგის სიძე... ივანიშვილის პროექტია ერთიც და მეორეც". მისი თქმით, ქართულ ოცნებას კოალიციას არ შეუქმნის და ამისთვის "პუტინის ღია აგენტურასთან" თანამშრომლობა არ სჭირდება.

"სიტყვას ვამბობ მე, ალეკო ელისაშვილი და სიტყვას ვამბობთ ჩვენი პოლიტიკური გუნდი, მოქალაქეები, რომ არ არსებობს ვარიანტი, რომლის გამოც ქართულ ოცნებას ჩვენ კოალიციას შევუკრავთ. ახლა არ ვარ ვალდებული, ვანო ჩხარტიშვილის სიძეს და პუტინის ღია აგენტურას კვერი ვუკრა და მათთან ერთად სადღაც ღონისძიებებში მონაწილეობა მივიღო.

აგერ ვამბობ, რომ არ შევუკრავთ კოალიციას, რა არის მნიშვნელოვანი, რაღაც ფურცელს ხელი მოვაწერო ვიღაც ხალხთან ერთად ხშირ შემთხვევაში ჩემთვის მიუღებელთან თუ... არ შევუკრავთ და ვინც შეუკრავს კოალიციას, გუშინ არ უსმენდით გია ვოლსკის და ქართული ოცნების დეპუტატებს? ვოლსკი ვერ გაბედავს ჩემი გვარის ხსენებას, მაგრამ ვისი გვარები ახსენა? პატრიოტთა ალიანსის და ბოკერიას პარტიის. რატომ ახსენა? აბა, გაბედოს ქართული ოცნების რომელიმე ლიდერმა თქვას, რომ ელისაშვილი შეგვიკრავს კოალიციასო და მიიღებენ იმ წამს პასუხს. იმიტომ, რომ მათთან კონსულტაციების რეჟიმში არ ვარ და ვინც არის მათთან კონსულტაციების რეჟიმში და ვინც არის არაფორმალური, დამჯერი ოპოზიცია, კი ვხედავთ... არ არსებობს გაერთიანებული ოპოზიცია." – ამბობს ელისაშვილი.

კომენტარები