ბელარუსი-ევროკავშირი

შარლ მიშელი: ევროკავშირი ბელარუსს არჩევნების გაყალბებისთვის მალე სანქციებს დაუწესებს

შარლ მიშელი
AJ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი არ ცნობს ბელარუსის არჩევნების შედეგებს და არჩევნების გაყალბებაში, მომიტინგეებზე ძალადობაში ჩართულ პირებს სანქციებს მალე დაუწესებს. 

"ევროკავშირი მალე დააწესებს სანქციებს იმ მნიშვნელოვანი რაოდენობის პირებზე, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ძალადობაზე და არჩევნების გაყალბებაზე," – განაცხადა მიშელმა ევროკავშირის ლიდერების რიგგარეშე სამიტის დასრულების შემდეგ, სადაც მათ ბელარუსში მიმდინარე მოვლენები განიხილეს. 

უკვე კვირაზე მეტია, რაც ბელარუსში აქციები მიმდინარეობს. აქციები 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, რომელშიც ადგილობრივი ცესკო-ს მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 80%-ზე მეტი აიღო.

ათასობით ადამიანი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვს, რომელმაც, 17 აგვისტოს გაფიცულ მუშებთან შეხვედრის დროს თქვა, რომ სანამ არ მოკლავენ, ახალ არჩევნებს არ დანიშნავს.

ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც და სიტუაციას საშინელი უწოდა. მან თქვა, რომ აშშ ახლოდან დააკვირდება მოვლენების განვითარებას.

კომენტარები