ბელარუსი

ლუკაშენკო ბელარუსის შსს-ს ქვეყანაში არეულობის აღმოფხვრას ავალებს

ალექსანდრ ლუკაშენკო
AFP

მინსკში ბელარუსის უშიშროების საბჭოს შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ალექსანდრ ლუკაშენკომ ქვეყანაში მდგომარეობის სტაბილიზაციისთვის მითითებები გასცა. პრეზიდენტის მითითებები წესრიგისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას, კომპანიების, ქარხნებისა და მედიის შეუფერხებელ მუშაობას შეეხებოდა. ლუკაშენკომ ასევე ხაზი გაუსვა უცხოელი ლიდერებისთვის ბელარუსში მიმდინარე მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობას.

ალექსანდრ ლუკაშენკომ სხვადასხვა ორგანოებს კონკრეტული ინსტრუქციები მისცა.

პრეზიდენტმა შინაგან საქმეთა სამინისტრო დაავალდებულა ქვეყანაში და განსაკუთრებით მინსკი არეულობა აღმოეფხვრა. 

"მინსკში არეულობა აღარ უნდა იყოს. ხალხი დაღლილია, ხალხი ითხოვს მშვიდობასა და სიწყნარეს." – განაცხადა ლუკაშენკომ. 

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბელარუსი ხალხის უმეტესობა მშვიდ ქვეყანაში ცხოვრებასაა მიჩვეული და მათ ეს სიმშვიდე უნდა დაუბრუნდეთ. 

ლუკაშენკომ ხაზი გაუსვა იმას, რომ აუცილებელი იყო ქარხნებსა და სხვადასხვა ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანების უფლებების დაცვა და მათთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა. 

მას შემდეგ რაც ქვეყანაში დემონსტრაციები დაიწყო, გაიფიცნენ რამდენიმე ქარხნის თანამშრომლები. ჟურნალისტებმა სამთავრობო არხები პროტესტის ნიშნად დატოვეს და დემონსტრაციებს შეუერთდნენ. ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ნებისმიერი ჟურნალისტი თავისუფალი იყო თავის არჩევანში დაეტოვებინა სამსახური და შეერთებოდა პროტესტს, თუმცა ამის შემდეგ ისინი ძველ სამსახურს ვეღარ დაუბრუნდებოდნენ.

სახელმწიფო საზღვრების კომიტეტს საზღვრებზე კონტროლის გამკაცრება დაევალათ, რათა არ მოხდეს ქვეყანაში უცხოელი მებრძოლების, იარაღისა და ფულის შემოსვლა. აქციების დაწყებიდან ლუკაშენკომ რამდენჯერმე აღნიშნა, რომ დემონსტრაციები საზღვარგარეთიდან ფინანსდებოდა და მართული იყო.

პარალელურად თავდაცვის სამინისტროს დაევალა თვალყურის დევნება პოლონეთსა და ლიტვაში ნატოს შენაერთების მოქმედებებზე. 16 აგვისტოს ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ლიტვა, ლატვია და პოლონეთი აძლიერებენ სამხედრო ძალას ბელარუსის საზღვრებთან. ლუკაშენკოს ბრალდებებს უარყოფს ნატო.

აღსანიშნავია, რომ ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა ინფორმაცია მიეწოდებინა დასავლელი ლიდერების ქვეყნაში მიმდინარე მოვლენებისა და არსებული მდგომარეობის შესახებ. ლუკაშენკოს განცხადებით, მათ უნდა იცოდნენ ბელარუსის "ოფიციალური პოზიცია".  

ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებულ დემონსტრაციებს არაერთი დასავლელი ლიდერი გამოეხმაურა. 

ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებს ლეგიტიმურად არ ცნობს ევროკავშირი, კანადა, ირლანდია და ლიტვა. ბალტიის ქვეყნები და ჩეხეთი ბელარუსს ხელახალი და სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებენ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი არჩევნების გაყალბებასა და მომიტინგეებზე ძალადობაში ჩართულ პირებს სანქციებს მალე დაუწესებს.

ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც და სიტუაციას საშინელი უწოდა. მან თქვა, რომ აშშ ახლოდან დააკვირდება მოვლენების განვითარებას.

კომენტარები