გიორგი შაქარაშვილის საქმე

"მკითხეს, როგორც დარბიხართ, ისე მაგრად თუ იცით ცურვაო?" – ამირხანაშვილის ბოლო გამოკითხვა

რადიო თავისუფლება გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის ახალი მასალებიდან მოწმის, გურამ ამირხანაშვილის ერთერთ ბოლო გამოკითხვის ოქმს აქვეყნებს. გამოცემის ვარაუდით, სწორედ ეს ოქმი იქცა საქმეზე დაკავებული 17 ადამიანიდან 5-ის ბრალის დამძიმების მიზეზი. 

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ოქმი 2 აგვისტოთია დათარიღებული და ეს მისი გამოკითხვის მეხუთე ოქმია, მანამდე კი მან გამოძიებას ჩვენებები 19, 21, 23 და 25 ივნისს მისცა. 

გამოკითხვის ოქმში გურამ ამირხანაშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ტოიოტა ქამრიდან გადმოსული თავდამსხმელებისგან თავის დასაღწევად ე.წ ფერადი შენობის უკან დაიმალა, ის "ორმოს მსგავს დაბლობზე" ჩავარდა, საიდანაც მალევე ამოვიდა, რათა გაეგო, რა ხდებოდა მის გარშემო, რა დროსაც მან დაინახა, რომ ქამრიდან გადმოსული სამი ადამიანი – ვახტანგ ჩიქოვანი, ა.ქ. და ზ.ხ. – მეორად საავტომობილო გზაზე სწრაფი სირბილითა და გინებით ჩარბოდნენ. როგორც ამირხანაშვილი ამბობს, თავდამსხმელები იქით მირბოდნენ, სადაც მანამდე ვახტანგ ახვლედიანმა და გიორგი შაქარაშვილმა ჩაირბინეს. 

ამირხანაშვილის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, მას შეეშინდა და ისევ ბუჩქებში დაიმალა, 7-8 წუთის შემდეგ კი მან ისევ გაიგონა ხმა, რომელიც არაგვის ხიდის ქვემოდან მოდიოდა. როგორც მოწმე იხსენებს, პირები ყვიროდნენ, რომ დამალულები გამოსულიყვნენ და არაფერს დაუშავებდნენ. ამის შემდეგ კი, ამირხანაშვილის ჩვენებით, თავდამსხმელებმა შენობას შემოუარეს და ის იპოვეს. როგორც გურამ ამირხანაშვილი იხსენებს, ეს სწორედ ის სამი ადამიანი იყო, ვინც შაქარაშვილსა და ახვლედიანს გაეკიდა. ოქმის მიხედვით, მალევე მათთან მუქი ფერის ქამრი გაჩერდა, ორ წუთში კი დაინახა, რომ ხიდის ქვემოდან, მეორადი საავტომობილო გზიდან კიდევ ორი თავდამსხმელი ამოვიდა – არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი. გურამ ამირხანაშვილის თქმით, არჩილ გაგნიძემ სხვებს მკაცრად მოუწოდა, რომ ის მანქანაში ჩაესვათ და თბილისისკენ წამოვიდნენ. 

"[გზაში] არჩილ გაგნიძემ რამდენჯერმე მკითხა, თუ საიდან იცოდა გიორგი შაქარაშვილმა ასეთი სწრაფი სირბილი, რომელსაც ვუთხარი, რომ მეც და გიორგი შაქარაშვილიც ბავშვობიდან ვიყავით ფეხბურთელები. რაზეც ასევე მკითხა, "როგორ მაგრადაც დარბიხართ, ისე მაგრად თუ იცით ცურვა?". აღნიშნული შეკითხვისთვის მაშინ ყურადღება არ მიმიქცევია, იმ მომენტში ვერაფერთან დავაკავშირე, რადგან ვიყავი აღელვებული და ვნერვიულობდი ჩემ მეგობარ გიორგი შაქარაშვილზე. ასევე მგზავრობისას, როგორც მახსოვს, უკან მჯდომმა ერთ-ერთმა პირმა ახსენა შემდეგი შინაარსის სიტყვები, "რომ დავადეთ, უკვე დამკაში იქნება გასული", ვის გულისხმობდა ის, არ ვიცი".

გიორგი შაქარაშვილი საქმის თვენახევრიანი მოკვლევის შემდეგ, 11 აგვისტოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი ხუთ დაკავებულს წარუდგინა. მიუხედავად იმისა, რომ საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) აქამდეც იძიებდნენ, ამ დრომდე ამ მუხლის საფუძველზე 17-დან არცერთ დაკავებულს ბრალი წარდგენილი არ ჰქონია.

პროკურატურის ვერსიით, სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი ამ ხუთმა ადამიანმა მდინარე არაგვში გადააგდო, რის შედეგადაც, ის გარდაიცვალა.

შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე დაკავებული 17 ადამიანიდან 6 არასრულწლოვანია.

კომენტარები