ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა

მთავრობა: ონკოდაავადებების მკურნალობის პროგრამა თითო პაციენტისთვის 8000 ლარით გაიზრდება

საქართველოს მთავრობა

გიორგი გახარიას თქმით, ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტების მკურნალობას სახელმწიფო დააფინანსებს.

მთავრობის სხდომის დაწყებისას პრემიერმინისტრმა თქვა, რომ შესაბამისი პროგრამა თითო პაციენტისთვის 8 ათასი ლარით გაიზრდება.

"ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ რჩება პრობლემად. განსაკუთრებით, გამოსაყოფი იყო ონკოდაავადებების მკურნალობა, მეოთხე ეტაპი იყო პრობლემა, როცა სიმსივნის გამოვლენის შემთხვევაში მკურნალობის ჯიბიდან გადახდა უწევდათ.

დღეის მდგომარეობით, ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ და დარწმუნებული ვარ, მივიღებთ გადაწყვეტილებას ამ პროგრამის რვა ათასი ლარით გაზრდის შესახებ. ფაქტობრივად, ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც ებრძვის ამ მძიმე სენს, ექნება საშუალება, მკურნალობის სრული კურსი ჩაიტაროს ყველანაირი ჯიბიდან გადასახადების გარეშე. სამწუხაროდ, ამ პროგრამით დღეს 1972 მოქალაქე სარგებლობს და ამ ადამიანებისთვის ეს იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. ეს არის სახელმწიფოს მხარდაჭერა ადამიანებისთვის, რომლებიც მძიმე სენს ებრძვიან და რომლებიც შეძლებენ, სრული მკურნალობა მიიღონ სახელმწიფოს ხარჯზე". - თქვა გახარიამ.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკა ტიკარაძემ განმარტა, რომ ცვლილება, რომელიც ჯანდაცვის უწყებამ საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა, ეფექტიან თანამედროვე პრეპარატებს ეხება და სწორედ მათზე ხელმისაწვდომობა გაიზრდება.

ტიკარაძის თქმით, 8 000 ლარი ის თანხაა, რომელიც ონკოლოგიური ადავადების მკურნალობის ბოლო ეტაპზეა საჭირო. მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე, იმის მიხედვით, თუ რომელი პრეპარატით სარგებლობს პაციენტი, სახელმწიფო 12 000 ან 15 000 ლარს გამოყოფს.

"დღემდე ფინანსდებოდა ამ პრეპარატების გამოყენების მხოლოდ გარკვეული ეტაპი და ძალიან ხშირი იყო შემთხვევები, როცა ჩვენს მოქალაქეებს, მკურნალობის საბოლოო ეტაპზე ამ პრეპარატებზე წვდომა არ ჰქონდათ და უწევდათ ჯიბიდან გადახდა. ვიცით, რომ დაავადების ბოლო ეტაპზე ეს არის ძალიან რთული და, სწორედ აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სახელმწიფო იღებს თავის პასუხისმგებლობას, ჩვენი მოქალაქეები ამ რთულ პერიოდშიც დააფინანსოს". - თქვა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრისვე თქმით, საქართველოში ამ ეტაპზე ონკოლოგიურ დაავადებას 38 000-ზე მეტი პაციენტი ებრძვის.

კომენტარები