მალი

მალის არმიის პოლკოვნიკმა ასიმი გოიტამ თავი სამხედრო ხუნტის ლიდერად გამოაცხადა

ასსიმი გოიტა

მალის არმიის პოლკოვნიკმა ასიმი გოიტამ თავი სამხედრო ხუნტის ლიდერად გამოაცხადა. მას მხარი დაუჭირა ქვეყნის ოპოზიციამ. გოიტამ თქვა, რომ ხალხის ხსნის ეროვნული კომიტეტის ლიდერია და ძალაუფლება მათ გადაიბარეს.

"მალი სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისშია დ შეცდომების უფლება არ გვაქვს". - განუცხადა გოიტამ ჟურნალისტებს.

AFP-ს ინფორმაციით, ამ დრომდე ასიმი გოიტა მალის სამხედრო ძალების სპეციალურ დანაყოფს ხელმძღვანელობდა და სწორედ ის იდგა სამხედრო გადატრიალების უკან.

მალის არმიის წარმომადგენლები მთავრობის ჩამოგდების შემდეგ მოსახლეობას მოუწოდებენ, დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას და ჯარისკაცებს აფრთხილებენ, რომ ვანდალიზმის და კანონის დარღვევის შემთხვევაში ისინი მკაცრად დაისჯებიან.

მალის ოპოზიციურ კოალიციაში ამბობენ, რომ სამხედრო ხუნტამ პირობა დადო, რომ გარდამავალი პერიოდის მშვიდობიანად ჩატარებას უზრუნველყოფს და მათთან ერთად ამაზე იმუშავებენ. გადატრიალების ლიდერი სამხედროები პირობას დებენ, რომ არჩევნებს "გონივრულ ვადაში" ჩაატარებენ.

მიუხედავად ოპოზიციის მხარდაჭერისა, სამხედრო გადატრიალება დაგმეს აფრიკის კავშირმა, ევროკავშირმა, აშშ-მ და გაეროს უშიშროების საბჭომ. მათ ყოფილი მთავრობის დაკავებული წევრების გათავისუფლება მოითხოვეს.

მალის პრეზიდენტი იბრაჰიმ ბაუბაკარ კეიტა თანამდებობიდან გადადგა მას შემდეგ, რაც ის სამხედროებმა დააკავეს. სატელევიზიო მიმართვაში კეიტამ თქვა, რომ ითხოვს ქვეყნის მთავრობას და პარლამენტსაც.

"არ მსურს სისხლი დაიღვაროს ჩემი ხელისუფლებაში დარჩენის გამო. თუ დღეს შეიარაღებულ ძალებში გარკვეულ ელემენტებს სურთ, სიტუაცია მათი ჩარევით დასრულდეს, განა მაქვსსხვა არჩევანი? არავის მიმართ არ ვარ სიძულვილით განწყობილი. ქვეყნის მიმართ ჩემი სიყვარული ამის უფლებას არ მაძლევს". – თქვა მან.

მანამდე სამხედროებმა დააკავეს და სამხედრო ბანაკში გადაიყვანეს ქვეყნის პრემიერმინისტრიც. დაკავებულია კეიტას შვილი, რომელიც ეროვნული ასამბლეის სპიკერია, ასევე საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრები.

სამხედროებში კეიტას მთავრობის მიმართ უკმაყოფილება ანაზღაურებისა და ჯიჰადისტურ დაჯგუფებებთან არსებული კონფლიქტის გამო გაჩნდა. კეიტამ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა და პრეზიდენტი მეორე ვადით გახდა, თუმცა მოსახლეობის ნაწილში მის მიმართ უკმაყოფილება არსებობდა კორუფციაში ბრალდებების, ბიუჯეტიდან თანხების გაფლანგვისა და ზოგიერთ რეგიონში ძალადობის მაჩვენებლის ზრდის გამო. უკანასკნელ თვეებში ქვეყანაში რამდენიმე მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. ოპოზიცია რეფორმებს ითხოვდა. მათ კეიტას კოალიციური მთავრობის შექმნაზე უარი უთხრეს.

კომენტარები