თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

თამარ ბაჩალიაშვილის ცხედრის აღმოჩენის ადგილას საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება

ინტერპრესნიუსი

სოფელ მაწევანში, იქ, სადაც 22 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს, საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება. ექსპერიმენტი 24 საათს გაგრძელდება.

პროცესს გარდაცვლილი პროგრამისტის მამა და ადვოკატი ესწრებიან.

პროკურორის თქმით, ექსპერიმენტი ექსპერტიზის წინაშე არსებული კითხვების სრულყოფილად გადასაწყვეტად ტარდება.

"ექსპერიმენტით უნდა დადგინდეს შემთხვევის ადგილას დღის, ანუ 24 საათის განმავლობაში არსებული ტემპერატურა და ტენიანობა, ასევე, შემთხვევის ადგილზე განთავსებულ ანალოგიური მარკისა და მოდელის ავტომობილში, დახურულ მდგომარეობაში უნდა განისაზღვროს დაწყებიდან 24 საათის განმავლობაში როგორც ტენიანობა, ისე ჰაერის ტემპერატურა". - თქვა პროკურორმა.

ბაჩალიაშვილის მამა ამბობს, რომ მისი შვილი მოკლულია, მაგრამ შსს-ს ზოგიერთი თანამშრომელი გამოძიებას ხელს უშლის.

ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მას შსს-ს თანამშრომელმა, ლადო ბაჭულაშვილმა დაურეკა და უთხრა, რომ თამარის კომპიუტერი გახსნა და "მისი შვილი მაგარ შარშია". ჯუმბერ ბაჩალიაშვილის თქმით, ის მუდმივად ცდილობს ბაჭულაშვილთან დაკავშირებას, თუმცა უშედეგოდ.

საგამოძიებო ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ ბაჩალიაშვილის მშობლები და ადვოკატი მთავარ პროკურატურაში მივლენ. მთავარმა საგამოძიებო უწყებამ საქმის გამოძიება 17 აგვისტოს გადაიბარა.

გარდაცვლილის ოჯახი ამტკიცებს, რომ ბაჩალიაშვილის მანქანა თეთრიწყაროს ტყეში 5 დღე არ იდგა და ის იქ მიიტანეს. ისინი თვითმკვლელობასაც გამორიცხავენ და ამტკიცებენ, რომ მათ შვილს "ჰქონდა ისეთი ინფორმაცია, რომლის გამოც მოკლეს". შსს-ის გამოძიების ერთ-ერთი ძირითადი ვერსია თვითმკვლელობაა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს, დილის 11 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. გარე კამერებმა ის ბოლოს თეთრიწყაროს მიმდებარედ, ერთ-ერთ სოფელში შეამჩნიეს.

ოთხდღიანი უშედეგო ძებნის შემდეგ, 21 ივლისს მშობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო ეფექტიანი სამძებრო სამუშაოების ჩატარებისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც 22 ივლისის დილას ძებნის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.

საქმეზე გამოძიება 115-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები