ნავალნის მოწამვლა

იულია ნავალნი: პოლიციამ აღმოაჩინა ნივთიერება, რომლითაც ალექსეი მოწამლეს

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ცოლი, იულია ნავალნაია ამბობს, რომ სატრანსპორტო პოლიციამ აღმოაჩინა ნივთიერება, რომლითაც ნავალნი მოწამლეს.

"ნივთიერება საშიშია გარშემო მყოფთა სიცოცხლისთვისაც. ყველამ, ვინც მის სიახლოვეშია, სპეციალური კოსტიუმი უნდა ატაროს". - ნათქვამია ომსკში ნავალნის შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რა ნივთიერებაზეა ლაპარაკი, არ დაკონკრეტებულა. ნავალნის მეუღლე ამბობს, რომ ომსკის საავადმყოფოს არ ენდობა. ის და მოსკოვიდან ჩასული ექიმი ნავალნის მოსანახულებლად არ შეუშვეს. მათთვის არც სამედიცინო დოკუმენტები გადაუციათ. ამ დროისათვის ომსკის საავადმყოფოში ნავალნის სხვაგან გადაყვანაზე უარს ამბობენ და მიზეზად ასახელებენ, რომ მისი მდგომარეობა მძიმეა. ნავალნის ოჯახს და პირად ექიმს სურთ, რომ ის სამკურნალოდ ევროპაში გადაიყვანონ.

21 აგვისტოს ომსკში გერმანიიდან ჩავა თვითმფრინავი, რომლითაც ნავალნის გადაყვანა იქნება შესაძლებელი. მკურნალობის გაგრძელება ბერლინში, კლინიკა Charité-ში იგეგმება. თვითმფრინავს გზავნის ორგანიზაცია Cinema for Peace Foundation, რომელმაც ამავე მიზნით 2018 წელს ამავე კლინიკაში გადაიყვანა Pussy Riot-ის წევრი პიოტრ ვერზილოვი.

ბოლო მონაცემებით ალექსეი ნავალნის მდგომარეობა დასტაბილურდა, თუმცა ის კვლავ კომაშია და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.

20 აგვისტოს ნავალნი უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"ვვარაუდობთ, რომ საწამლავი ჩაიში იყო. მან დილის შემდეგ მხოლოდ ჩაი დალია. ექიმები ამბობენ, რომ საწამლავი ცხელი სითხიდან უფრო სწრაფად შეიწოვება. ამჟამად ალექსეი უგონოდაა". – თქვა ნავალნის სპიკერმა, კირა იარმიშმა, მოგვიანებით კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნავალნი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს.

სექტემბერში საქალაქო საბჭოს არჩევნები უნდა ჩატარდეს ნოვოსიბირკსა და ტომსკში, სადაც ნავალნი დამოუკიდებელ კანდიდატებს უჭერს მხარს. სწორედ ამ მიზნით იმყოფებოდა ის ამ ქალაქებში. გარდა ამისა ნავალნი აგროვებდა ინფორმაციას პარტია ერთიანი რუსეთის დეპუტატების საქმიანობის შესახებ.

ნავალნი ადრეც ამბობდა, რომ მისი მოწამვლა სცადეს. 2019 წელს ის 30 დღით დააკავეს არასანქცირებული საპროტესტო აქციის ჩატარების გამო. ციხეში ის შეუძლოდ გახდა. ექიმების დიაგნოზით მას დერმატიტი ჰქონდა, თუმცა ნავალნი ამბობდა, რომ ეს ალერგიული რეაქცია იყო და, მისი ექიმის თქმით, ეს, შესაძლოა, რაიმე მომწამლავ ნივთიერებას გამოეწვია.

კომენტარები