ახალი კორონავირუსი საქართველოში

დღეიდან სვანეთში, დაბა მესტიისა და ლენჯერის გარდა, საკარანტინო შეზღუდვები იხსნება

დღეიდან სვანეთში, დაბა მესტიისა და ლენჯერის გარდა, საკარანტინო შეზღუდვები იხსნება – განაცხადა ამის შესახებ უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 19 აგვისტოს სხდომის შემდეგ.

"აღნიშნულ 2 სოფელშიც გაგრძელდება ინტენსიური ტესტირება და, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც ასევე ეცნობება მოსახლეობას". – აღნიშნავს სუს-ის უფროსის მოადგილე, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი.

შეზღუდვების მოხსნის შესახებ განცხადება გაავრცელა მესტიის მუნიციპალიტეტის მერიამაც. მათი თქმით, საკარანტინო ვადის პირველი 12 დღის გასვლა აჩენს შესაძლებლობას, რომ ყველა ადმინისტრაციული ერთეული, მესტიისა და ლენჯერის გარდა, გაიხსნას.

"მნიშვნელოვანია, რომ ახალი კორონავირუსის ყველა დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა მხოლოდ ლენჯერისა და მესტიის თემებში. გამომდინარე იქიდან, რომ საკარანტინო ვადის პირველი 12 დღე გადის 21 აგვისტოს, აღნიშნული შედეგები აჩენს შესაძლებლობას, რომ 21აგვისტოდან გაიხსნას ყველა ადმინისტრაციულ ერთეული, მესტიისა და ლენჯერის გარდა". – ნათქვამია მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 10 აგვისტოს ახალი კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 მესტიაში დადასტურდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მესტიის მუნიციპალიტეტში შესვლა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვისაა შესაძლებელი. მუნიციპალიტეტის დატოვების შემთხვევაში კი მოქალაქეები სავალდებულო კარანტინს გაივლიან.

კერძოდ, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო შეიზღუდა შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალის, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრის, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

ასევე, საკარანტინე შეზღუდვები დაწესდა დაბა მესტიაში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში უშგულსა და ლენჯერში, რაც ამ დასახლებებსა და მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებს შორის გადაადგილების შეზღუდვას გულისხმობს.

კომენტარები