ნიკოლოზ ბასილაშვილი

"გამოიკვეთა, რომ ბასილაშვილმა ცოლზე არაერთხელ იძალადა" - ჩოგბურთელს ბრალი დაუმძიმდა

ორგანიზაციიის პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურამ მათი მოთხოვნა გაიზიარა და ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამოტანილი ბრალდების შესახებ დადგენილება დააზუსტა.

კერძოდ, გამოძიების მიმდინარეობისას მოპოვებული მტკიცებულებებით გამოიკვეთა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნელი დოროყაშვილზე გენდერული ნიშნით ფიზიკურად არაერთხელ იძალადა.

ასევე, PHR აცხადებს, ნიკოლოზ ბასილაშვილი დოროყაშვილზე წლების განმავლობაში გენდერული ნიშნით სისტემატურად ძალადობდა, როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ეკონომიკურად, რის შედეგადაც ნელი დოროყაშვილი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

ახლა სახელმწიფო ბრალდება ნიკოლოზ ბასილაშვილს ედავება ნელი დოროყაშვილის მიმართ გენდერული ნიშნით სხვადასხვა დროს ფიზიკური ძალადობის ოთხ ეპიზოდზე და სისტემატურ ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას.

ამ დრომდე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობდა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვანის თანდასწრებით.

"გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ ბრალად წარდგენილი ეპიზოდების გარდა, ფიზიკური ძალადობის რამდენიმე ინციდენტის შემთხვევაში გასულია სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა, თუმცა აღნიშნული ქმედებები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ძალადობის სისტემატურობისა და სიმძიმის შეფასებისას" - აცხადებს ორგანიზაცია.

ნიკოლოზ ბასილაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო სხდომა 20 ოქტომბერს ჩაინიშნა.

კომენტარები