გიორგი შაქარაშვილის საქმე

მცხეთის სასამართლოში შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების პროცესი მიმდინარეობს

პირველი არხი

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესი არსებითი განხილვის ეტაპზეა.

ბრალდებულების ადვოკატებმა წინასწარ არ იციან, ვინ დაიკითხება პროცესზე.

სავარაუდოდ, პროცესზე ჩვენებას საგამოძიებო უწყებების წარმომადგენლები მისცემენ. მათ კითხვებს დაუსვამენ იმის შესახებ, თუ რა მოქმედებები ჩაატარეს შემთხვევის ადგილზე და შემდეგ.

ბრალდებულების ადვოკატები ასევე ამბობენ, რომ მათ არ ეძლევათ ბრალდებულების დაცვის შესაძლებლობა, სათანადო ინფრასტრუქტურული პირობების არარსებობის გამო.

"მცხეთის რაიონულ სასამართლოში არ გვაქვს ინვენტარი, არ გვაქვს მაგიდები, არ გვაქვს დენის წყარო, რომ ვისარგებლოთ კომპიუტერით. საქმე არის მოცულობითი. მატერიალური სახით მისი მოტანის შემთხვევაში ხელში უნდა გვეჭიროს 2 000 ფურცელი და ისე დავესწროთ სასამართლ სხდომებს. მივმართავთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, მივმართავთ იუსტიციის მინისტრს, ქალბატონო თეა, იქნებ დაგვდოთ პატივი, მცხეთის რაიონულ სასამართლოს გამოუყოთ 5 მაგიდა, რათა ადვოკატებს გვქონდეს იმის საშუალება, რომ სრულყფილად განვახორციელოთ ჩვენი ვალდებულება და დავიცვათ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესები" - თქვა ადვოკატმა როსტომ კერესელიძემ.

დაწყებისას პროცესი რამდენიმე წუთით შეწყდა - საჭირო გახდა სასწრაფო დახმარების გამოძახება, ვინაიდან, ერთ-ერთი ბრალდებული, ზ.ხ, რომელიც მე-4 დღეა, შიმშილობს, შეუძლოდ გახდა.

გიორგი შაქარაშვილი საქმის თვენახევრიანი მოკვლევის შემდეგ, 11 აგვისტოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი ხუთ დაკავებულს წარუდგინა. მიუხედავად იმისა, რომ საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) აქამდეც იძიებდნენ, ამ დრომდე ამ მუხლის საფუძველზე 17-დან არცერთ დაკავებულს ბრალი წარდგენილი არ ჰქონია.

პროკურატურის ვერსიით, სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი ამ ხუთმა ადამიანმა მდინარე არაგვში გადააგდო, რის შედეგადაც, ის გარდაიცვალა.

შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე დაკავებული 17 ადამიანიდან 6 არასრულწლოვანია.

კომენტარები