რუსეთი-საქართველო

აბაშიძე: ფრენების აღდგენა მოსკოვზეა დამოკიდებული შესაბამისი ეპიდემიოლოგიური პირობებით

"ფრენები რუსეთის გადაწყვეტილებით შეწყდა და მათი აღდგენაც ძირითადად მოსკოვზეა დამოკიდებული, ცხადია, შესაბამისი ეპიდემიოლოგიური პირობების არსებობის შემთხვევაში" - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან რეგულარული ფრენები უახლოეს მომავალში აღდგება.

"საქართველოც მომხრეა, რომ რუსეთთან, ისევე როგორც სხვა მეზობლებთან, ჩამოყალიბდეს მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები, მაგრამ ისინი უნდა ეფუძნებოდეს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას და გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ სხვა ნორმებს. საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციამ განაპირობა დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა და მათი აღდგენაც ამაზევეა დამოკიდებული. ქართულმა ოცნებამ საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ერთ-ერთ პრიორიტეტად ნამდვილად გამოაცხადა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაცია, რისთვისაც მთავარი ფორმატის - ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დამატებით, შეიქმნა არაფორმალური კომუნიკაციის არხი - აბაშიძე-კარასინის დიალოგი, რომელმაც შედეგად მოიტანა სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების ნორმალიზაცია, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანი და მისასალმებელია“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ რუსეთი აგრძელებს მილიტარიზაციის, ბორდერიზაციის, ხელოვნური გამყოფი ხაზების გავლების პროცესს.

"ყოველდღიურად ადგილი აქვს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს. თუ რუსეთს ნამდვილად სურს მეგობრული ურთიერთობების და ორმხრივი კავშირების სრულფასოვანი აღდგენა, მან, უპირველეს ყოვლისა, უნდა დაიწყოს საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის აგვისტოს შეთანხმების შესრულება და გვიჩვენოს რეალური პროგრესი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში". - თქვა აბაშიძემ.

ვლადიმირ პუტინმა საქართველოში პირდაპირი ფრენების აკრძალვის გადაწყვეტილება 2019 წლის ივნისში გავრილოვის ვიზიტის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ მიიღო.

ამ ეტაპზე, უკვე ხუთი თვეა, საქართველოს რეგულარული ავიამიმოსვლა შეჩერებული აქვს თითქმის ყველა ქვეყანასთან. მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა. შეზღუდვა არ ვრცელდება მხოლოდ იმ სამ მიმართულებაზე, რომლებიც აგვისტოდან თბილისის პარიზის შარლ დე გოლის, მიუნხენის და რიგის საერთაშორისო აეროპორტებში სრულდება. თბილისიდან მიუნხენში ავიაკომპანია Lufthansa დაფრინავს კვირაში ორჯერ, პარიზში - Air France - ასევე კვირაში ორჯერ. რაც შეეხება რიგას, ავიაკომპანია Air Baltic ჯერჯერობით, კვირაში მხოლოდ ერთხელ დაფრინავს.

საქართველო იმ ქვეყანათა სიაში შევიდა, რომლებსაც ევროკავშირმა საზღვრები პირველი ივლისიდან გაუხსნა, თუმცა, საქართველოს მთავრობა უპირობოდ მხოლოდ ევროკავშირის ხუთი ქვეყნის მოქალაქეებს უშვებს. გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიტვის და ესტონეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეუძლიათ, თუმცა იმავე ქვეყნებიდან ჩამოსულმა საქართველოს მოქალაქეებმა ორკვირიანი კარანტინი უნდა გაიარონ.

კორონავირუსით ინფიცირების მაღალი მაჩვენებლების გამო ევროკავშირის "მწვანე სიაში" რუსეთი არ არის შესული.

კომენტარები