ალექსეი ნავალნი

ლინკევიჩიუსი გერმანიაში ნავალნის გადაყვანაზე რუსეთის უარზე: კრემლის ტიპური დამოკიდებულება

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი
Delfi

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩიუსი, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის რუსეთიდან გერმანიაში გადაყვანაზე რუსეთის უარს გამოეხმაურა:

"ნავალნი კომაშია. მაღალჩინოსნები განზრახ აჭიანურებენ დიაგნოზის გამოქვეყნებას და უარს აცხადებენ ალექსეის გერმანულ კლინიკაში გადაყვანაზე. ადამიანის სიცოცხლისადმი კრემლის დამოკიდებულების ტიპურ მაგალითთან გვაქვს საქმე. ჩანს, რომ კვალის დაფარვის მცდელობაა".

ამ დროისათვის რუსეთში, ომსკის საავადმყოფოში, ნავალნის სხვაგან გადაყვანაზე უარს ამბობენ და მიზეზად ასახელებენ, რომ მისი მდგომარეობა მძიმეა. ნავალნის ოჯახს და პირად ექიმს სურთ, რომ ის სამკურნალოდ ევროპაში გადაიყვანონ.

რუსეთში ჟურნალისტის კითხვაზე, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გერმანიაში გადაყვანის ხელის შეშლაში რუსეთის მთავრობის წარმომადგენლები ჩაერთნენ თუ არა, კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი პასუხობს: - "ეს იქ მყოფი ექიმის გადაწყვეტილებაა. ეს ეხება ტრანსპორტირებას, რამაც, შესაძლოა, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას". მისივე თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ასეთ საქმეებში არანაირად არ ერევა - "კრემლი პაციენტის მკურნალობის საკითხებით დაკავებული არ არის. ჩვენ ექიმები არ ვართ".

პესკოვმა ასევე თქვა, რომ იქ მყოფი ექიმის აზრით, სრულიად არ არის ცნობილი, თუ რა გახდა ჰოსპიტალიზაციის მიზეზი და ამიტომ ნავალნის გადაყვანა ამჟამად შეუძლებელია - "ეს, შესაძლოა, სახიფათო იყოს მისი ჯანმრთელობისთვის".

ციმბირის საავადმყოფოს მთავრი ექიმის მოადგილემ 21 აგვისტოს განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნისთვის ჩატარებული ტესტირების შედეგად ექიმებმა საწამლავის კვალი ვერ ნახეს.

ექიმმა ანატოლი კალინჩენკომ თქვა, რომ საავადმყოფოს უკვე სრული დიაგნოზი აქვს, თუმცა ამას ჯერჯერობით ვერ გაამჟღავნებს.

მანამდე, რუსი ოპოზიციონერის ცოლმა, იულია ნავალნაიამ თქვა, რომ სატრანსპორტო პოლიციამ აღმოაჩინა ნივთიერება, რომლითაც ნავალნი მოწამლეს.

"ნივთიერება საშიშია გარშემო მყოფთა სიცოცხლისთვისაც. ყველამ, ვინც მის სიახლოვეშია, სპეციალური კოსტიუმი უნდა ატაროს". - ნათქვამია ომსკში ნავალნის შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რა ნივთიერებაზეა ლაპარაკი, არ დაკონკრეტებულა. ნავალნის მეუღლე ამბობს, რომ ომსკის საავადმყოფოს არ ენდობა. ის და მოსკოვიდან ჩასული ექიმი ნავალნის მოსანახულებლად არ შეუშვეს. მათთვის არც სამედიცინო დოკუმენტები გადაუციათ.

21 აგვისტოს ომსკში გერმანიიდან ჩავიდა თვითმფრინავი, რომლითაც ნავალნის გადაყვანა იქნება შესაძლებელი. მკურნალობის გაგრძელება ბერლინში, კლინიკა Charité-ში იგეგმება.

ბოლო მონაცემებით ალექსეი ნავალნის მდგომარეობა დასტაბილურდა, თუმცა ის კვლავ კომაშია და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

20 აგვისტოს ნავალნი უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"ვვარაუდობთ, რომ საწამლავი ჩაიში იყო. მან დილის შემდეგ მხოლოდ ჩაი დალია. ექიმები ამბობენ, რომ საწამლავი ცხელი სითხიდან უფრო სწრაფად შეიწოვება. ამჟამად ალექსეი უგონოდაა". – თქვა ნავალნის სპიკერმა, კირა იარმიშმა, მოგვიანებით კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნავალნი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს.

სექტემბერში საქალაქო საბჭოს არჩევნები უნდა ჩატარდეს ნოვოსიბირკსა და ტომსკში, სადაც ნავალნი დამოუკიდებელ კანდიდატებს უჭერს მხარს. სწორედ ამ მიზნით იმყოფებოდა ის ამ ქალაქებში. გარდა ამისა ნავალნი აგროვებდა ინფორმაციას პარტია ერთიანი რუსეთის დეპუტატების საქმიანობის შესახებ.

ნავალნი ადრეც ამბობდა, რომ მისი მოწამვლა სცადეს. 2019 წელს ის 30 დღით დააკავეს არასანქცირებული საპროტესტო აქციის ჩატარების გამო. ციხეში ის შეუძლოდ გახდა. ექიმების დიაგნოზით, მას დერმატიტი ჰქონდა, თუმცა ნავალნი ამბობდა, რომ ეს ალერგიული რეაქცია იყო და, მისი ექიმის თქმით, ეს, შესაძლოა, რაიმე მომწამლავ ნივთიერებას გამოეწვია.

კომენტარები