ბელარუსი

ლუკაშენკო: ბელარუსში მიმდინარე მოვლენების უკან აშშ დგას

ალექსანდრ ლუკაშენკო
Reuters

დღეს აგროკომბინატ დერჟინსკიში სტუმრობისას ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსში მიმდინარე მოვლენებში დასავლეთის ჩართულობაზე ისაუბრა.

ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, დასავლეთმა გადაწყვიტა რუსეთის წინააღმდეგ ბელარუსი გამოიყენოს. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დასავლეთს სურს შავი ზღვა - ბალტიისპირეთის კორიდორის ჩამოყალიბება , რომელშიც იქნებიან ბალტიის ქვეყნები, უკრაინა და ბელარუსი.

"აშშ გეგმავს და მართავს ამ ყველაფერს, ევროპელები კი თამაშში ჰყვებიან. ისინი აკეთებენ იმას, რასაც ეტყვიან. ვარშავის მახლობლად სპეციალური ცენტრი ჩამოყალიბდა. ზუსტად ვიცით, რას აკეთებენ იქ, მათი ტანკები მზადყოფნაშია. როცა მდგომარეობა დაძაბულია და საქმეში ტანკები და თვითმფრინავები ერთვებიან, ამისთვის მიზეზი არსებობს". - განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.

16 აგვისტოს ლუკაშენკომ თქვა, რომ ლიტვა, ლატვია და პოლონეთი აძლიერებენ სამხედრო ძალას ბელარუსის საზღვრებთან. ლუკაშენკოს ბრალდებებს ნატო უარყოფს .

აგროკომბინატში ჩატარებული შეხვედრისას ლუკაშენკომ ასევე აღნიშნა, რომ მდგომარეობა ბელარუსში ძალიან პოლიტიზებულია, თუმცა კატასტროფული არ არის.

ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა პრეზიდენტის გადასაჭრელი პრობლემაა და ის მას უახლოეს მომავალში გადაჭრის. ხალხს ღელვის საფუძველი არა აქვს.

თითქმის ორი კვირაა, რაც ბელარუსში გრძელდება საპროტესტო აქციები. აქციები დაიწყო 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც, ადგილობრივი ცესკო-ს მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80%-ზე მეტი აიღო. ევროკავშირი არჩევნების შედეგებს არ ცნობს. ათასობით ადამიანი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს.

კომენტარები