ალექსეი ნავალნი

იულია ნავალნაიამ პუტინს წერილით მიმართა ქმრის, ალექსეი ნავალნის, გერმანიაში გადაყვანაზე

იულია ნავალნაია
Reuters

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ცოლმა, იულია ნავალნაიამ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს წერილით მიმართა ომსკის საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში მყოფი ნავალნის გერმანიაში სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ. 

"ვფიქრობ, რომ ალექსეი ანატოლიევიჩ ნავალნის სჭირდება კვალიფიცირებული ექიმების დახმარება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. 21 აგვისტოს 12:00 საათიდან ჩვენ ყველანაირი შესაძლებლობა გვაქვს ალექსის დაუყოვნებლივი ტრანსპორტირებისთვის უმაღლესი დონის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. მე ოფიციალურად მოგმართავთ თქვენ ალექსეი ანატოლიევიჩ ნავალნის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ტრანსპორტირების ნებართვის მოთხოვნით".

წერილს ავრცელებს ნავალნის სპიკერი, კირა იარმიში, მინაწერით: "თუ პუტინს სჭირდება ნავალნის ოჯახის ოფიციალური მიართვა, აი ისიც". ამ სიტყვებით ის გამოეხმაურა პესკოვის მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებას, როდესაც მან თქვა, რომ ნავალნის წარმოამდგენლებისგან გერმანიაში მისი გადაყვანის თაობაზე ოფიციალური მიმართვა არ მიუღიათ.

ამ დროისათვის რუსეთში, ომსკის საავადმყოფოში, ნავალნის სხვაგან გადაყვანაზე უარს ამბობენ და მიზეზად ასახელებენ, რომ მისი მდგომარეობა მძიმეა. ნავალნის ოჯახს და პირად ექიმს სურთ, რომ ის სამკურნალოდ ევროპაში გადაიყვანონ.

რუსეთში ჟურნალისტის კითხვაზე, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გერმანიაში გადაყვანის ხელის შეშლაში ჩაერთნენ თუ არარუსეთის მთავრობის წარმომადგენლები, კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი პასუხობს: -  "ეს იქ მყოფი ექიმის გადაწყვეტილებაა. ეს ეხება ტრანსპორტირებას, რამაც, შესაძლოა, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას". მისივე თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ასეთ საქმეებში არანაირად არ ერევა - "კრემლი პაციენტის მკურნალობის საკითხებით დაკავებული არ არის. ჩვენ ექიმები არ ვართ".

პესკოვმა ასევე თქვა, რომ იქ მყოფი ექიმის აზრით, სრულიად არ არის ცნობილი, თუ რა გახდა ჰოსპიტალიზაციის მიზეზი და ამიტომ ნავალნის გადაყვანა ამჟამად შეუძლებელია - "ეს, შესაძლოა, სახიფათო იყოს მისი ჯანმრთელობისთვის".

ციმბირის საავადმყოფოს მთავრი ექიმის მოადგილემ 21 აგვისტოს განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნისთვის ჩატარებული ტესტირების შედეგად ექიმებმა საწამლავის კვალი ვერ ნახეს.

ექიმმა ანატოლი კალინჩენკომ თქვა, რომ საავადმყოფოს უკვე სრული დიაგნოზი აქვს, თუმცა ამას ჯერჯერობით ვერ გაამჟღავნებს.

მანამდე, რუსი ოპოზიციონერის ცოლმა, იულია ნავალნაიამ თქვა, რომ სატრანსპორტო პოლიციამ აღმოაჩინა ნივთიერება, რომლითაც ნავალნი მოწამლეს.

"ნივთიერება საშიშია გარშემო მყოფთა სიცოცხლისთვისაც. ყველამ, ვინც მის სიახლოვეშია, სპეციალური კოსტიუმი უნდა ატაროს". - ნათქვამია ომსკში ნავალნის შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რა ნივთიერებაზეა ლაპარაკი, არ დაკონკრეტებულა. ნავალნის მეუღლე ამბობს, რომ ომსკის საავადმყოფოს არ ენდობა. ის და მოსკოვიდან ჩასული ექიმი ნავალნის მოსანახულებლად არ შეუშვეს. მათთვის არც სამედიცინო დოკუმენტები გადაუციათ.

21 აგვისტოს ომსკში გერმანიიდან ჩავიდა თვითმფრინავი, რომლითაც ნავალნის გადაყვანა იქნება შესაძლებელი. მკურნალობის გაგრძელება ბერლინში, კლინიკა Charité-ში იგეგმება.

ბოლო მონაცემებით ალექსეი ნავალნის მდგომარეობა დასტაბილურდა, თუმცა ის კვლავ კომაშია და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

20 აგვისტოს ნავალნი უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"ვვარაუდობთ, რომ საწამლავი ჩაიში იყო. მან დილის შემდეგ მხოლოდ ჩაი დალია. ექიმები ამბობენ, რომ საწამლავი ცხელი სითხიდან უფრო სწრაფად შეიწოვება. ამჟამად ალექსეი უგონოდაა". – თქვა ნავალნის სპიკერმა, კირა იარმიშმა, მოგვიანებით კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნავალნი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს.

სექტემბერში საქალაქო საბჭოს არჩევნები უნდა ჩატარდეს ნოვოსიბირკსა და ტომსკში, სადაც ნავალნი დამოუკიდებელ კანდიდატებს უჭერს მხარს. სწორედ ამ მიზნით იმყოფებოდა ის ამ ქალაქებში. გარდა ამისა ნავალნი აგროვებდა ინფორმაციას პარტია ერთიანი რუსეთის დეპუტატების საქმიანობის შესახებ.

ნავალნი ადრეც ამბობდა, რომ მისი მოწამვლა სცადეს. 2019 წელს ის 30 დღით დააკავეს არასანქცირებული საპროტესტო აქციის ჩატარების გამო. ციხეში ის შეუძლოდ გახდა. ექიმების დიაგნოზით, მას დერმატიტი ჰქონდა, თუმცა ნავალნი ამბობდა, რომ ეს ალერგიული რეაქცია იყო და, მისი ექიმის თქმით, ეს, შესაძლოა, რაიმე მომწამლავ ნივთიერებას გამოეწვია.

კომენტარები