კორონავირუსი

ჯანმოს დირექტორი: იმედი გვაქვს, რომ კორონავირუსის პანდემია 2 წელიწადში დასრულდება

Foreign Affairs

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დირექტორის, ტედროს ადანომ გებრაიესუსის თქმით, იმედი აქვთ, რომ კორონავირუსის პანდემია ორ წელიწადში დასრულდება. მან განაცხადა, რომ სწორედ ორი წელი დასჭირდა ესპანური გრიპის დამარცხებას, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ ახლა ტექნოლოგიები უფრო განვითარებულია და შესაძლოა ვირუსი უფრო სწრაფად შეაჩერონ.

"რა თქმა უნდა, მეტი კავშირების გამო ვირუსს გავრცელების უკეთესი შანსი აქვს. მაგრამ, ამავდროულად, გვაქვს ტექნოლოგია და ცოდნა მის შესაჩერებლად". - თქვა მან.

გასულ თვეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების ხელმძღვანელმა, მაიკ რაიანმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ მეცნიერებს კორონავირუსის ვაქცინის შექმნაში პროგრესი აქვთ, თუმცა ის 2021 წლის დასაწყისამდე არ იქნება.

პარალელურად, რუსეთი ირწმუნება, რომ ვაქცინა შექმნა და ის უსაფრთხოა. Sputnik V-ის აცრა ორ ეტაპად ტარდება და მისი შემქმნელი კვლევითი ინსტიტუტი Gamaleya ირწმუნება, რომ ორი წლის განმავლობაში კორონავირუსისადმი იმუნიტეტის გარანტიას იძლევა. ვლადიმირ პუტინი ირწმუნება, რომ ამ ვაქცინამ ყველა საჭირო შემოწმება გაიარა, თუმცა რუსეთს ვაქცინის ტესტირებაზე სამეცნიერო ინფორმაცია არ გაუზიარებია. ერთ-ერთი გამოკითხვის მიხედვით, რუსი ექიმების ნახევარზე მეტი, 52%, კორონავირუსის რუსულ ვაქცინას არ ენდობა.

Reuters-ი წერს, რომ კლინიკური ცდების დაახლოებით 10% არის წარმატებული და ზოგი მეცნიერი შიშობს, რომ მოსკოვი, შესაძლოა, ეროვნულ პრესტიჟს უსაფრთხოებაზე წინ აყენებდეს.

მსოფლიოში ამჟამად 100-ზე მეტ ვაქცინას ავითარებენ, რათა ახალი კორონავირუსის პანდემია შეაჩერონ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, სულ მცირე, 4 მათგანი გამოცდის მესამე ეტაპზეა.

ესპანურ გრიპს, რომელიც 1918 წელს გავრცელდა 50 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 23 მილიონს გადააჭარბა. გარდაიცვალა 800 000-ზე მეტი ადამიანი.

კომენტარები