ძალადობა პანკისში

POG: პანკისში შორტებით გადაადგილების გამო მამა-შვილის ცემის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარედგინა

პროკურატურა

პროკურატურამ პანკისში მამისა და არასრულწლოვანი შვილის მიმართ დისკრიმინაციის მოტივით, შორტებით გადაადგილების გამო ფიზიკური ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ  2020 წლის 8 აგვისტოს  ახმეტის რაიონის სოფელ ყვარელწყალში, ი.ფ. შორტებში ჩაცმულ ნ.წ-ს იმ მოტივით, რომ აღნიშნული ჩაცმულობა ეწინააღმდეგებოდა მის ადათ-წესებს, ფიზიკურად გაუსწორდა. ამასთან, ი.ფ-მ, ა. ბ-მ და ა.ი-მ იმავე მიზეზით ჯგუფურად სცემეს ნ.წ-ს არასრულწლოვან  შვილს გ.წ.-საც. აღნიშნულის შედეგად მამა-შვილმა - ნ.წ.-მ და გ.წ.-მ მიიღეს სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები, მათ შორის ნ.წ.-მ - სხივის ძვლის მოტეხილობა". – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნ.წ.-ს და გ.წ.-ს მიმართ  განხორციელებული ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით 9 აგვისტოს დაიწყო. ხოლო ი.ფ.-ს ბრალი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ჩადენილი ჯგუფურად ცემისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 53'-126  მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით  და 53'-118  მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინა.

ა.ბ-ს და ა.ი-ს ბრალდება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ჯგუფური ცემისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის  53' -126 მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის "ა" და "ბ"  ქვეპუნქტებით დღეს, 22 აგვისტოს წარედგინათ.

პროკურატურის ცნობით, მათ შუამდგომლობით უკვე მიმართეს ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე თელავის რაიონულ სასამართლოს. 

8 აგვისტოს ქუჩაში შორტებით გადაადგილების გამო პანკისში მამა-შვილს სცემეს. გელა წელაურსა და მის არასრულწლოვან შვილს სამი ახალგაზრდა დაესხა თავს სოფელ ყვარელწყლის გადასახვევთან.

კომენტარები