თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

რამიშვილი: თამარის ორგანიზმში აღმოჩნდა ძლიერი მედიკამენტი, რომლის შეფუთვა მანქანაში არ არის

რადიო თავისუფლება / Screengrab

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, ბოთლში, რომელიც ბაჩალიაშვილის მანქანაში იპოვეს, გარკვეული ნივთიერებები იყო აღმოჩენილი. 

რამიშვილის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილს ორგანიზმში ძლიერმოქმედი მედიკამენტი აღმოაჩნდა, თუმცა, როგორც ის ამბობს, ავტომობილში ამ მედიკამენტის შუშა ვერ იპოვეს. ადვოკატის განმარტებით, ეს კიდევ ერთხელ გამორიცხავს თვითმკვლელობის ვერსიას. 

„ბოთლს, რომელსაც ჩაუტარდა ქიმიური ექსპერტიზა აღმოჩენილია [პრეპარატების] წვეთები, რაც ნიშნავს, რომ ბოთლი გახსნილია და შიგნით არის მოთავსებული მედიკამენტი. თვითონ ეს პრეპარატი ძალიან იშვიათი მედიკამენტია, საერთოდ არ მოიძებნება და როგორც ჩანს, მოხდა მედიკამენტის ბოთლში გახსნა.

ყველაზე საინტერესოა, რომ თამუნას ორგანიზმში აღმოაჩნდა [პრეპარატი], რომელსაც  ტოქსიკოლოგები  ჟარგონულად ეძახიან „კონტროლს“ , ის ადამიანს თიშავს. ავტომობილშიც კი არ არის აღმოჩენილი პრეპარატის შუშა ან რამე მსგავსი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ არანაირ თვითმკველობაზე არ არის საუბარი". - ამის შესახებ რამიშვილმა პროკურატურაში გამომძიებლებთან შეხვედრამდე თქვა. 

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს, დილის 11 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. გარე კამერებმა ის ბოლოს თეთრიწყაროს მიმდებარედ, ერთ-ერთ სოფელში შეამჩნიეს.

ოთხდღიანი უშედეგო ძებნის შემდეგ, 21 ივლისს მშობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო ეფექტიანი სამძებრო სამუშაოების ჩატარებისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც 22 ივლისის დილას ძებნის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.

საქმეზე გამოძიება 115-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები