ბელარუსი

"მსვლელობა ახალი ბელარუსისთვის" - 23 აგვისტოს ბელარუსში მასშტაბური აქცია იგეგმება

0 კომენტარი
მინსკი. 20 აგვისტო. ფოტო: The Atlantic

"მსვლელობა ახალი ბელარუსისთვის" – ბელარუსში ანტისამთავრობო აქციების ორგანიზატორები განცხადებას ავრცელებენ და 23 აგვისტოს მოსახლეობას პროტესტში შესაერთებლად მოუწოდებენ. აქცია მთავრობის მიერ არასანქცირებულია.

"ეს არის ახალი, თავისუფალი ბელარუსის დაბადება, რაზეც ჩვენ ყველანი დიდხანს ვოცნებობდით!" – ვკითხულობთ განცხადებაში.

ისინი აცხადებენ, რომ უკან არ დაიხევენ მანამ, სანამ არ შესრულდება 3 მოთხოვნა - ყველა დაკავებულის და პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება, წამებაში და მკვლელობაში ბრალდებულის გასამართლება და ლუკაშენკოს გადადგომა. 

ორგანიზატორები მომიტინგეებს მოუწოდებენ, რომ მათ ახლობლებს, მეზობლებს, მეგობრებს და ყველას უთხრან აქციის შესახებ. მათ ასევე "გმირ მუშებს" მოუწოდეს, რომ ბანერი დაიჭირონ ხელში, რათა მათი ცნობა შეძლონ. ასევე ყოფილ სამართალდამცავებს სთხოვენ, რომ ჩაიცვან ფორმა, რათა ხალხმა გაიგოს, რომ მათ გვერდით ნამდვილი ჯარისკაცები არიან. 

მინსკში, დამოუკიდებლობის მოედნამდე მსვლელობა ადგილობრივი დროით 14:00 საათზე დაიწყება. 

ორგანიზატორებმა რეგიონში მცხოვრებ პირებს მოუწოდეს, რომ მინსკის მიმართულებით დილიდანვე წამოვიდნენ. მინსკის მაცხოვრებლები ჩამოსულ პირებს საძილე ტომრებით, საჭმლითა და წყლით მოამარაგებენ. ორგანიზატორები მათ, ვინც ბელარუსის ქალაქებში რჩება, მოუწოდებენ, რომ ქალაქის ცენტრში 14:00 საათზე შეიკრიბონ. 

"ბელარუსებო, ჩვენი გამარჯვების საკითხი მხოლოდ დროზეა დამოკიდებული. ჩვენ გვაქვს ნათელი გეგმა, თუ როგორ მოვიშოროთ თავიდან დამპყრობლები მინიმალური დანაკარგით. თუ ჩვენ ერთიანი ვიქნებით და ერთ ეროვნულ ძალად ორგანიზებას განვაგრძობთ, რეჟიმი უფრო სწრაფად დაემხობა." – წერენ ისინი.

ბელარუსში თითქმის ორი კვირაა, გრძელდება საპროტესტო აქციები. აქციები დაიწყო 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც, ადგილობრივი ცესკო-ს მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 80%-ზე მეტი აიღო. ევროკავშირი არჩევნების შედეგებს არ ცნობს. ათასობით ადამიანი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს. ქარხნების მუშებმა, სხვადასხვა დაწესებულებების თანამშრომლებმა და ჟურნალისტებმა გაფიცვა დაიწყეს. ბელარუსის ტელევიზიის გაფიცულ თანამშრომლებს რუსი ჟურნალისტებით ანაცვლებენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"იარაღის მუქარით ტელეფონები და ფული წაართვა" - სენაკში ყაჩაღობისთვის 63 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები