აშშ-ბელარუსი

ტიხანოვსკაია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ლიტვაში შეხვდება

ბელარუსი ოპოზიციონერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, სტივ ბიგენს, ლიტვაში 24 აგვისტოს შეხვდება.

ტიხანოვსკაიას გუნდის თქმით, შეხვედრის მიზანია ბელარუსის სადავო არჩევნების კრიზისის განმუხტვა.

აშშ-ს მეორე დიპლომატი ვილნიუსში გაჩერდება მანამ, სანამ ის მოსკოვში გაემგზავრება. Reuters-ი წერს, რომ ვაშინგტონს კრიზისის მშვიდობიანი მოგვარება და რუსეთის ჩარევის თავიდან აცილება სურს.

17 აგვისტოს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და თქვა, რომ აშშ ახლოდან დააკვირდება მოვლენების განვითარებას - "შემზარავია. საშინელი სიტუაციაა ბელარუსში. ჩვენ ახლოდან დავაკვირდებით მოვლენებს".

კომენტარი გააკეთა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომაც. მისი თქმით, აშშ ბელარუსის არჩევნებისა და აქციების დარბევის საკითხს ევროკავშირთან ერთად განიხილავს.

"ჩვენი მიზანია ბელარუს ხალხს დავეხმაროთ ყველანაირად, რაც ჩვენ შეგვიძლია, რათა მიაღწიონ თავისუფლებასა და სუვერენიტეტს". – თქვა მან.

ბელარუსში თითქმის ორი კვირაა, გრძელდება საპროტესტო აქციები. აქციები დაიწყო 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც, ადგილობრივი ცესკო-ს მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 80%-ზე მეტი აიღო. ევროკავშირი არჩევნების შედეგებს არ ცნობს. ათასობით ადამიანი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს. ქარხნების მუშებმა, სხვადასხვა დაწესებულებების თანამშრომლებმა და ჟურნალისტებმა გაფიცვა დაიწყეს.

ტიხანოვსკაიამ არჩევნების შემდეგ ქვეყანა დატოვა და კვლავ ლიტვაში იმყოფება. ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ ბელარუსში დაბრუნებას აპირებს, თუმცა მაშინ, როცა თავს უსაფრთხოდ იგრძნობს.

ტიხანოვსკაია ამბობს, რომ მთავარ მოთხოვნებად რჩება პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ხელახალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარება. მან თქვა, რომ თუ ბელარუსში განმეორებითი არჩევნები ჩატარდება, მონაწილეობას არ მიიღებსმანამდე ის ამბობდა, რომ მზად იყო, ქვეყანას სათავეში ჩასდგომოდა. 

დღეს 23 აგვისტოს ბელარუსში მასშტაბური აქცია იგეგმება. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ უკან არ დაიხევენ მანამ, სანამ არ შესრულდება 3 მოთხოვნა - ყველა დაკავებულის და პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება, წამებაში და მკვლელობაში ბრალდებულის გასამართლება და ლუკაშენკოს გადადგომა. 

რაც შეეხება რუსეთს, ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მას დაჰპირდა, რომ საჭიროების შემთხვევაში ბელარუსში უსაფრთხოების შენარჩუნებაში დაეხმარება.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და ლუკაშენკოს სატელეფონო საუბრის შემდეგ კრემლში განაცხადეს, რომ ვლადიმირ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტს განუცხადა, რომ მზად არიან დახმარება გაუწიონ კოლექტიური სამხედრო პაქტის ფარგლებში.

ამავდროულად, 18 აგვისტოს პუტინმა რუსეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს უთხრა, რომ ბელარუსის შიდა საქმეებში ჩარევა ან ქვეყნის მთავრობაზე ზეწოლა მიუღებელი იქნება.

ამავე დღეს, პუტინი გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს ელაპარაკა და მასაც განუცხადა, რომ ბელარუსის შიდა საქმეებში ჩარევის ნებისმიერი მცდელობა მიუღებელი იქნება.

კომენტარები