თურქეთი-რუსეთი

რუსეთი და თურქეთი დამატებითი S-400-ების კონტრაქტს სავარაუდოდ 2021 წელს ხელს მოაწერენ

S-400
aljazeera

რუსეთი თურქეთში S-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემის დამატებითი პარტიის გაგზავნის კონტრაქტს, სავარაუდოდ, 2021 წელს ხელს მოაწერს.

Interfax წერს, რომ ამის შესახებ განაცხადა რუსეთის სახელმწიფო კონგლომერატის, როსტეკის უფროსმა, სერგეი ჩემეზოვმა.

აქამდე ცნობილი იყო, რომ თურქეთი რუსეთთან S-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემის შესყიდვის ახალ კონტრაქტზე მუშაობს.

ასევე, აღსანიშნავია, რომ თურქეთმა, შესაძლოა, ამერიკული F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების ალტერნატიული რუსული თვითმფრინავები შეიძინოს.

2019 წელს რუსული S-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემის განთავსების გამო აშშ-მ თურქეთი ამერიკული F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების პროგრამიდან მოხსნა.

ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ S-400 სისტემისა და F-35 თვითმფრინავების ერთად განლაგება რუსეთს საშუალებას მისცემს, ინფორმაცია მოიპოვოს თვითმფრინავების სისტემაზე და საფრთხეს შეუქმნის მას.

დეკემბერში აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობის კომიტეტმა 18 ხმით 4-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა თურქეთისათვის სირიაში სამხედრო ოპერაციის დახმარების და რუსული S-400 ტიპის სარაკეტო სისტემების შეძენის გამო სანქციების დაწესების კანონპროექტს. რუსეთისა და თურქეთის შეთანხმება არღვევს აშშ-ს 2017 წელს მიღებულ სანქციების კანონს (CAATSA/პასუხი ამერიკის მოწინააღმდეგეებს სანქციების აქტის მეშვეობით), რომლითაც ქვეყნებს, რომლებიც რუსეთთან სამხედრო სფეროში ბიზნესს აწარმოებენ, სანქციები ეკისრებათ.

სირიაში აშშ-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს ჯეფრიმ 5 მარტს სტამბოლში ვიზიტისას განაცხადა, რომ თურქეთის მიერ რუსული S-400 თავდაცვითი სისტემების შეძენა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

30 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ აშშ აგრძელებს იმის შეფასებას, თუ როგორ უპასუხებს თურქეთის მიერ რუსული S-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემის შესყიდვას.

კომენტარები