2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 30-მდე ოპოზიციური პარტია საკუთარ და ერთმანეთის ხმებს დაიცავს. ამ მიზნით ოპოზიციამ თბილისი მარიოტში სპეციალურ მემორანდუმს მოაწერა ხელი. ლეიბორისტულ პარტიაში შეხვედრების მონაწილე პარტიები თანხმდებიან, რომ ერთმანეთის ხმების დაცვაში ყველა უნდა ჩაერთოს. ისინი გაყალბების წინააღმდეგ კონკრეტულ მექანიზმებს განიხილავენ.
მემორანდუმის პირობების შესასრულებლად შეიქმნება კონკრეტული შტაბი, რომელშიც ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები შევლენ. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მუშაობას დაიწყებს ქოლცენტრი და პოლიტიკური ორგანიზაციები კოორდინირებულად იმოქმედებენ.
"30-მდე ოპოზიციური პარტია, პრაქტიკულად სრული სპექტრი, თანხმდება ერთმანეთის ხმების დაცვაზე და თანხმდება იმას, რომ ერთობლივი ძალისხმევით არ დაუშვებს არჩევნების გაყალბებას. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მძლავრი პოლიტიკური სიგნალი ოპოზიციის ერთობის შესახებ, ამ დოკუმენტს აქვს პრაქტიკული ღირებულებაც და მასში ასახული იქნება ის პრაქტიკული მექანიზმები, რომლითაც ოპოზიცია ერთმანეთს ხმებს დაიცავს", - თქვა ევროპული საქართველოს ლიდერმა, დავით ბაქრაძემ.
"ჩვენ დავიცავთ არა მხოლოდ ჩვენი საკუთარი პარტიების ხმებს, არამედ თითოეული ამომრჩევლის ხმას, იმისთვის, რომ არცერთი ხმა ივანიშვილმა არ მოიპაროს, იმისთვის, რომ თითოეული ჩვენი ყველა თანამოქალაქის ხმა იყოს რეალურად ასახული სამართლიან არჩევნებში, რომელიც გახდება ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარების გარანტი" - ამბობს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის მდივანი თინა ბოკუჩავა.
"შეიქმნება კონკრეტული შტაბი, სადაც იქნება ყველა პარტიის წარმომადგენელი, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყებს მუშაობას ქოლცენტრი, სადაც არჩევნების დღეს, ყველა პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენელი ადგილებიდან გამოაგზავნის ინფორმაციას დარღვევების შესახებ და შესაბამისად, ყველა პოლიტიკური ორგანიზაცია კოორდინირებულად იმოქმედებს" - განაცხადა დემოკრატიული საქართველოს ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ.
დეკლარაცია, რომელიც ლეიბორისტების ოფისში შეხვედრების მონაწილე ოპოზიციურმა ძალებმა შეიმუშავეს, სხვა პარტიებისთვისაც ღიაა. ამ დროისთვის ცნობილია, რომ დოკუმენტზე ხელის მოწერას არ აპირებენ ალეკო ელისაშვილის და მარიამ ჯაშის პოლიტიკური გაერთიანებები.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს, 120/30-ზე სისტემით ჩატარდება.