ბელარუსი

ტიხანოვსკაია იმედოვნებს, რომ ბელარუსის მთავრობის პირებთან დიალოგი მალე დაიწყება

სვეტლანა ტიხანოვსკაია
Getty Images

ბელარუსი ოპოზიციონერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია იმედოვნებს, რომ ბელარუსის მთავრობის პირებთან დიალოგი მალე დაიწყება. ამის შესახებ ტიხანოვსკაიამ პოლონურ გაზეთს განუცხადა.

ბელარუსში ახლად შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს მიზანია ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება და ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა. სხვა რაიმე პოლიტიკური ან რეფორმების პროგრამა საბჭოს არ აქვს. საბჭოს წევრებმა აღნიშნეს, რომ ძალაუფლების ძალადობრივი მითვისება მათ მიზანს არ წარმოადგენს.

"საბჭოს მიზანია ამჟამინდელ მთავრობის პირებთან დიალოგის დაწყება. მე ვიმედოვნებ, რომ დიალოგი მალე დაიწყება. თუმცა, ამის პირველი წინაპირობა არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება," - თქვა ტიხანოვსკაიამ

მისი თქმით, არჩევნები რომ ხელახლა ჩატარდეს, ის კენჭს აღარ იყრის, თუმცა ელის, რომ მისი ქმარი კენჭს იყრის. 

ტიხნაოვსკაია თავის თავს ადამიანის უფლებადამცველ ორგანიზაციებში ხედავს. 

"ამაზე საუბარი ნაადრევია. მთავარი მიზანი ახალი არჩევნებია," - თქვა მან.

აღსანიშნავია, რომ მანამდე სვეტლანა ტიხანოვსკაია ამბობდა, რომ მზად იყო, ქვეყანას სათავეში ჩასდგომოდა.

ტიხანოვსკაიამ არჩევნების შემდეგ ქვეყანა დატოვა და კვლავ ლიტვაში იმყოფება. ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ ბელარუსში დაბრუნებას აპირებს, თუმცა მაშინ, როცა თავს უსაფრთხოდ იგრძნობს.

ტიხანოვსკაია ამბობს, რომ მთავარ მოთხოვნებად რჩება პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ხელახალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარება. 

აღსანიშნავია, რომ ბელარუსის საკოორდინაციო საბჭოს შექმნიდან მალევე საჭოს სამი წევრი დაკითხვაზე დაიბარეს.

ბელარუსში აქციები დაიწყო 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც, ადგილობრივი ცესკო-ს მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 80%-ზე მეტი აიღო. ევროკავშირი არჩევნების შედეგებს არ ცნობს. ათასობით ადამიანი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს. ქარხნების მუშებმა, სხვადასხვა დაწესებულებების თანამშრომლებმა და ჟურნალისტებმა გაფიცვა დაიწყეს. ბელარუსის ტელევიზიის გაფიცულ თანამშრომლებს რუსი ჟურნალისტებით ანაცვლებენ.

დღემდე დასტურდება, რომ ბელარუსის არჩევნების შემდეგ აქციებზე, სულ მცირე, 3 ადამიანი მოკლეს.

ბელარუსი ოპოზიციონერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, სტივ ბიგენს, ლიტვაში 24 აგვისტოს შეხვდება.

კომენტარები