ავარია შატილის გზაზე

რატიანი დაშავებულებზე: მდგომარეობა კრიტიკულია, თუმცა, ვინარჩუნებთ სასიცოცხლო პარამეტრებს

საქართველოს მთავრობა

თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, შატილის გზაზე მომხდარი ავტოკატასტროფის დროს დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკული რჩება. რატიანმა პაციენტების გამოჯანმრთელების იმედი გამოთქვა.

"ორ ქალბატონს ჩავუტარეთ გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია. სამივე მათგანის მდგომარეობა ამ ეტაპზე არის კრიტიკული, თუმცა ვინარჩუნებთ ვიტალურ პარამეტრებს. რადგანაც სასიცოცხლო პარამეტრები ნარჩუდება, ვიმედოვნებთ, რომ ასე გაგრძელდება და სამივე მათგანი უახლოეს პერიოდში დაიწყებს გამოჯანმრთელებას.

სამივე იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, სამივესთან არის ტრავმულ-ჰემორატიული შოკი, მაგრამ ყველაფერი კეთდება, რომ მათი სიცოცხლე შენარჩუნდეს. ამ ეტაპამდე პაციენტები დამატებით ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებენ, განხორციელდა ყველა ინტერვენცია, რაც იყო საჭირო" - თქვა რატიანმა.

დაშავებულების საშუალო ასაკი 25 წელია.

დუშეთში, შატილის გზაზე ავტოკატასტროფა 23 აგვისტოს მოხდა. ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. დაიღუპა 17 ადამიანი, მძიმედ დაშავდა - 3.

25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

კომენტარები