არჩევნები 2020

ინაშვილი დოსიეს გამოძიებაზე: 8 მლნ, ალბათ, იმიტომ გაჟღერდა, რომ ჩვენი საარჩევნო ნომერი არის 8

პატრიოტთა ალიანსის ლიდერის ირმა ინაშვილის მტკიცებით, პარტია რუსეთიდან დაფინანსებას არ იღებს. მისი თქმით, რუსი ბიზნესმენის, მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაცია დოსიეს საგამოძიებო მასალაში 8-მილიონიანი დაფინანსება იმიტომ ახსენეს, რომ მისი პარტიის საარჩევნო ნომერი არის 8. საგანგებო ბრიფინგზე ინაშვილმა განაცხადა, რომ მათი პარტია საარჩევნოდ "ოთხ ამერიკულ, ორ ებრაულ და მხოლოდ ერთ რუსულ" საკონსულტაციო კომპანიასთან თანამშრომლობს.

"რვამილიონიანი ბიუჯეტის თემაზე იყო, ხო, საუბარი? ეს არის აბსოლუტური აბსურდი. რვამილიონიანი ბიუჯეტის განხილვა საერთოდ არ ყოფილა. რვა მილიონი, ალბათ, იმიტომ აიღეს და იმიტომ გაჟღერდა, რომ ჩვენი საარჩევნო ნომერი რვა არის. ჩვენი საარჩევნო ნომერი 41 რომ ყოფილიყო, ალბათ, 41-მილიონიან ბიუჯეტს გაგვიანგარიშებდნენ და 41 მილიონს დაგვაბრალებდნენ, ხო? მთავარი სიცრუე ერთია, რომ ეს ბიუჯეტი თურმე ჩვენ მიგვაქვს პუტინთან.  მაქვს კითხვა - ოთხმა ამერიკულმა კომპანიამ ანალოგიურად შეგვიდგინა ჩვენ პესიმისტური, შუალედური და ოპტიმისტური ბიუჯეტი, რატომ არ ამბობთ, რომ ეს ბიუჯეტი ტრამპს შეუტანეს? ან იმას რატომ არ ამბობთ, რომ ორი ებრაული კომპანიის შედგენილი ბიუჯეტი ნეთანიაჰუს შევუდგინეთ და ფული უკვე მივიღეთ თანაც?", — განაცხადა ინაშვილმა ბრიფინგზე.

რუსი ბიზნესმენის, მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაცია დოსიეს ჩატარებული გამოძიებით ირკვევა, რომ პატრიოტთა ალიანსს საარჩევნო კამპანიის დაგეგმვაში კრემლთან დაკავშირებული რამდენიმე პირი ეხმარება, რომლებსაც, თავის მხრივ, რუსული სპეცსამსახურების მაღალი თანამდებობის პირები აკონტროლებენ. 

ორგანიზაციას ხელში ჩაუვარდა პოლიტტექნოლოგ სერგეი მიხეევის მიერ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაგზავნილი სამუშაო დოკუმენტი, რომელიც პატრიოტთა ალიანსის წინასაარჩევნო კამპანიას მომზადებას ეხება. როგორც ანგარიშგებაშია აღნიშნული, პროექტის მიახლოებითი ღირებულება 700 ათას დოლარს შეადგენს, რაშიც შედის მგზავრობის, ტრანსპორტისა და საცხოვრებელი ხარჯები. 

ცენტრისთვის ცნობილი არ არის მიხეევის მიერ დასახელებული 700 ათასი დოლარის წარმომავლობა, თუმცა ცნობილია, რომ პატრიოტთა ალიანსის პიარკამპანიას მოსკოვში დაფუძნებული კომპანია POLITSECRETS მართავს. ცენტრი, ასევე, ასაჯაროებს პატრიოტთა ალიანსის მიერ გაგზავნილ წინასაარჩევნო ბიუჯეტს, რომელიც 4-თვიან პერიოდს მოიცავს. როგორც დოკუმენტებშია მითითებული, კამპანიის ღირებულება ჯამურად 8 მილიონ დოლარს აღემატება. 

კომენტარები