მსოფლიო

პანდემიის მიუხედავად, წელს თურქეთმა ტურიზმიდან შესაძლოა 15 მილიარდი დოლარი მიიღოს

წლის ბოლომდე თურქეთის ტურიზმის ინდუსტრიამ, შესაძლოა, 15 მილიარდ დოლარამდე შემოსავალი მიიღოს. ინფორმაციას ამის შესახებ, ანატოლიის ტურისტული ასოციაციის თავმჯდომარეზე დაყრდნობით, ადგილობრივი გამოცემა Daily Sabah-ი ავრცელებს

ბიროლ აკმანის ცნობით, თურქეთი ვერ შეასრულებს კორონავირუსის პანდემიამდე დასახულ გეგმას, რომელიც მიმდინარე წელს 60 მილიონი ტურისტის მიღებას გულისხმობდა. ამის მიუხედავად, აკმანი ამბობს, რომ ხელისუფლების მიერ ეფექტურად გატარებულმა უსაფრთხოების ეფექტურმა ზომებმა და საზღვრების გახსნამ ტურისტული ინდუსტრია გამოაცოცხლა. 

აკმანის თქმით, ტურისტების ნაკადის არსებულ დონეზე შენარჩუნებით, ქვეყანა 15 მილიარდ დოლარს მიიღებს. წინა კვირაში გამოქვეყნებული ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ ანტალიას მიმდინარე წელს მილიონზე მეტი ტურისტი ეწვია. 

მათ შორის იყო უკრაინის 300 ათასზე მეტი მოქალაქე, 281 ათასი ტურისტი რუსეთიდან, 221 ათასი გერმანიის მოქალაქე და 85 ათასი ვიზიტორი დიდი ბრიტანეთიდან. წინა წელთან შედარებით მონაცემები, ცხადია, მნიშვნელოვნად გაუარესებულია. 2019 წელს თურქეთმა საერთაშორისო მოგზაურობიდან 34 მილიარდი დოლარი მიიღო. 2018 წელს მხოლოდ ანტალიამ მსოფლიოს 193 ქვეყნიდან 15 მილიონამდე ტურისტს უმასპინძლა. 

აკმანის თქმით, ზოგადი მდგომარეობის გაუარესების მიუხედავად, ბოლო პერიოდში ვითარების გაუმჯობესების დინამიკა აშკარაა. მისი თქმით, მხოლოდ ანტალიაში ყოველდღიურად 50 ათასზე მეტი ტურისტი ჩამოდის და მუშაობა განაახლა სასტუმროების 90%-მა.

აკმანის თქმით, ტურისტების ნაკადის მომრავლების მიუხედავად რეგიონში ეპიდემიური რისკი არ გაზრდილა და ადგილობრივი მთავრობა ვითარების ყურადღებით აკვირდება. 

პანდემიის დაწყების მომენტიდან თურქეთში ახალი კორონავირუსის 259 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 6 139 პაციენტი. 

ტურიზმი ეროვნული შემოსავლის უმსხვილესი წყაროა საქართველოსთვისაც. მხოლოდ წინა წელს ქვეყანამ საერთაშორისო მოგზაურობიდან 3,3 მილიარდი დოლარი მიიღო. ქვეყნის ეკონომიკისთვის სექტორის კრიტიკული მნიშვნელობისა და საზღვრების გახსნის შესახებ მთავრობის დაპირებების მიუხედავად, ამ დრომდე საქართველოს საზღვრები მეტწილად ჩაკეტილია. 

პირველ ოქტომბრამდე გადავადდა რეგულარული ფრენებზე აკრძალვა. მიმდინარე წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი უკვე 1 მილიარდი დოლარით არის შემცირებული და მოსალოდნელია, რომ ეს ზარალი კიდევ უფრო გაიზრდება. 

კომენტარები