ნავალნის მოწამვლა

მერკელი რუსეთის მთავრობას: ნავალნის მოწამვლის საქმე გამოიძიეთ და დამნაშავეები დასაჯეთ

ანგელა მერკელი და ვლადიმერ პუტინი

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა რუსეთს მოუწოდა გამოიძიოს ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმე და პასუხისმგებელი პირები დასაჯოს.

"რუსეთის პოლიტიკურ ოპოზიციაში ნავალნის წამყვანი როლის გათვალისწინებით, რუსეთის ხელისუფლებას მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ გამოიძიონ ეს დანაშაული უკანასკნელ დეტალამდე და ეს სრულად გამჭვირვალედ გააკეთონ. პასუხისმგებელი პირები უნდა გამოავლინონ და დაისაჯონ". - ნათქვამია მერკელის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰეიკო მაასის ერთობლივ განცხადებაში.

რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი ბერლინში, კლინიკა Charité​-ში მკურნალობს. გერმანელი ექიმების თქმით, ნავალნი მოწამლულია ქოლინესტერაზის ინჰიბიტორის ჯგუფის ნივთიერებით.

"კლინიკური კვლევები ქოლინესტერაზის ინჰიბიტორის ჯგუფის ნივთიერებით ინტოქსიკაციაზე მიანიშნებს. ზუსტი ნივთიერება ჯერჯერობით დაუდგენელია. დაწყებულია ფართო ანალიზი. საწამლავის ეფექტი დამოუკიდებელი ლაბორატორიების მიერ რამოდენიმეჯერ ჩატარებულ კვლევებში დადასტურდა". – ნათქვამია საავადმყოფოს განცხადებაში.

გერმანელი ექიმები ამბობენ, რომ, შესაძლოა, ამ მომწამლავმა ნივთიერებამ ნავალნის ნერვულ სისტემაზე გავლენა მოახდინოს.

ქოლინესტერაზის ინჰიბიტორის ჯგუფის ქიმიურ ნივთიერებებს ისეთი დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ, როგორიც ალცჰაიმერია. მაგრამ, როდესაც ის ნერვულ აგენტში ან პესტიციდებში გამოიყენება ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში ხდება. ქოლინესტერაზის ინჰიბიტორი ბლოკავს ენზიმას, რომელიც ნერვულ სისტემასა და კუნთებს შორის ინფორმაციის მიმოცვლას არეგულირებს, რაც სპაზმებს იწვევს.

მერკელის სპიკერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნავალნის საავადმყოფოში დაცვა დაუნიშნეს. რუსი ოპოზიციონერი კვლავ კომაშია და ინტენსიური თერაპიის პალატაში რჩება. გერმანელი ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა, თუმცა სიცოცხლისთვის საშიში არ არის.

ნავალნი სამკურნალოდ ომსკიდან გერმანიაში 22 აგვისტოს გადაიყვანეს. ეჭვობდნენ, რომ ის კომაში მომწამლავი ნივთიერების შემცველი ჩაის დალევის შემდეგ ჩავარდა. 21 აგვისტოს ომსკის საავადმყოფოს ექიმები ნავალნის გადაყვანაზე უარს ამბობდნენ და აცხადებდნენ, რომ მისი მდგომარეობა მეტისმეტად მძიმეა. მოგვიანებით მათ თქვეს, რომ ნავალნის მდგომარეობა დასტაბილურდა და ფრენას შეძლებს. ნავალნისთან ერთად გერმანიაში გაემგზავრა მისი ცოლი იულია.

ციმბირის საავადმყოფოს მთავრი ექიმის მოადგილემ თქვა, რომ ნავალნის ორგანიზმში მომწამლავი ნივთიერება ვერ აღმოაჩინეს და კომაში ჩავარდნა, სავარაუდოდ, სისხლში შაქრის დაბალი დონის გამო ნივთიერებათა ცვლის დარღვევამ გამოიწვია. ნავალნის ცოლი კი აცხადებს, რომ საგზაო პოლიციამ იპოვა ნივთიერება, რომლითაც რუსი ოპოზიციონერი მოწამლეს.

"ნივთიერება საშიშია გარშემო მყოფთა სიცოცხლისთვისაც. ყველამ, ვინც მის სიახლოვეშია, სპეციალური კოსტიუმი უნდა ატაროს". – ნათქვამია ომსკში ნავალნის შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსი ოპოზიციონერი ომსკის საავადმყოფოში 20 აგვისტოს მოხვდა. ის ციმბირიდან მოსკოვში ბრუნდებოდა.

სექტემბერში საქალაქო საბჭოს არჩევნები უნდა ჩატარდეს ნოვოსიბირკსა და ტომსკში, სადაც ნავალნი დამოუკიდებელ კანდიდატებს უჭერს მხარს. სწორედ ამ მიზნით იმყოფებოდა ის ამ ქალაქებში. გარდა ამისა ნავალნი აგროვებდა ინფორმაციას პარტია ერთიანი რუსეთის დეპუტატების საქმიანობის შესახებ.

ნავალნი ადრეც ამბობდა, რომ მისი მოწამვლა სცადეს. 2019 წელს ის 30 დღით დააკავეს არასანქცირებული საპროტესტო აქციის ჩატარების გამო. ციხეში ის შეუძლოდ გახდა. ექიმების დიაგნოზით მას დერმატიტი ჰქონდა, თუმცა ნავალნი ამბობდა, რომ ეს ალერგიული რეაქცია იყო და, მისი ექიმის თქმით, ეს, შესაძლოა, რაიმე მომწამლავ ნივთიერებას გამოეწვია.

კომენტარები