აშშ-ში, ვისკონსინის შტატში საპროტესტო აქციები პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. ქალაქ კენოშაში პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიცამ შავკანიან კაცს ესროლა.
შემთხვევა 23 აგვისტოს მოხდა. ჯეიკობ ბლეიკი ამჟამად საავადმყოფოშია და მისი მდგომარეობა სტაბილურია. პოლიციელებმა მას რამდენჯერმე ესროლეს, როდესაც ის მანქანაში ჩაჯდომას ცდილობდა. პოლიციამ დაჭრილ კაცს პირველადი დახმარება აღმოუჩინა.
სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ უმიზნებენ ცეცხლსასროლ იარაღს პოლიციელები ჯეიკობ ბლეიკს. ბლეიკი საკუთარ მანქანასთან მიდის, კარს აღებს და იხრება, რა დროსაც ერთ-ერთი პოლიციელი მას მაისურში სწვდება და ცეცხლს ხსნის. ვიდეოში 7 გასროლა ისმის. პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიცია ოჯახური ინციდენტის გამო გამოიძახეს. უცნობია ვინ გამოიძახა სამართალდამცველები და რა უძღოდა წინ ვიდეოში ასახულ მოვლენებს.
ბლეიკის ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ დაშავებული კაცი 3 შვილის მამაა და ოჯახური კონფლიქტის განმუხტვას ცდილობდა, პოლიცია კი არაჰუმანურად მოიქცა.
ინციდენტზე დაწყებულია გამოძიება.
აქციები უკვე ორი დღე გრძელდება. გუბერნატორმა ტონი ევერსმა პოლიციის დასახმარებლად როვნული გვარდიის მობილიზება მოითხოვა. პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მაშინ მოხდა, როდესაც აქციის მონაწილეთა ნაწილმა კენოშას საზოგადოებრივი უსაფრთხოების შენობაში შეჭრა სცადა. ისინი ბლეიკის დაჭრაში მონაწილე პოლიციელების დაკავებას და პასუხისგებაში მიცემას ითხოვდნენ. მათ დაწვეს მანქანები. პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა. ქალაქში ამოქმედდა კომენდატის საათი.
გუბერნატორმა პირობა დადო, რომ სპეციალური საკანონმდებლო სესია ჩაინიშნება, რომელზეც პოლიციის პასუხისგებაში მიცემის საკითხს განიხილავენ.
მეზობელ შტატში, მინესოტაში პოლიციის მიერ ჯორჯ ფლოიდის მოკვლას აშშ-ში მასშტაბური საპროტესტო აქცეიბი მოჰყვა. პროტესტი მთელ ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთაც რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. ვრცლად ამ თემაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატიებში.