ნავალნის მოწამვლა

ბორელი ნავალნის მოწამვლაზე: პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ

ჯოზეფ ბორელი
European Interest

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი, ჯოზეფ ბორელი გამოეხმაურა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის ინფორმაციას: 

"ბერლინში საავადმყოფო Charité-დან ტესტების პირველადი შედეგები მიუთითებს, რომ რუსი ოპოზიციის ლიდერი, ალექსეი ნავალნი ციმბირში ყოფნის დროს მოწამლეს. ჩვენ მადლიერები ვართ ბატონი ნავალნის მკურნალობისთვის ბერლინის Charité-ის პერსონალის და მას სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. 

ევროკავშირი მკაცრად გმობს ბატონი ნავალნის მკვლელობის მცდელობას. აუცილებელია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ დაიწყოს დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიება ბატონი ნავალნის მოწამვლაზე, დაყოვნების გარეშე. რუსი ხალხი, ისევე, როგორც საერთაშორისო საზოგადოება მოითხოვს ფაქტებს ბატონი ნავალნის მოწამვლაზე. პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ".

აღსანიშნავია, რომ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა რუსეთს მოუწოდა გამოიძიოს ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმე და პასუხისმგებელი პირები დასაჯოს.

რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი ბერლინში, კლინიკა Charité​-ში მკურნალობს. გერმანელი ექიმების თქმით, ნავალნი მოწამლულია ქოლინესტერაზის ინჰიბიტორის ჯგუფის ნივთიერებით.

"კლინიკური კვლევები ქოლინესტერაზის ინჰიბიტორის ჯგუფის ნივთიერებით ინტოქსიკაციაზე მიანიშნებს. ზუსტი ნივთიერება ჯერჯერობით დაუდგენელია. დაწყებულია ფართო ანალიზი. საწამლავის ეფექტი დამოუკიდებელი ლაბორატორიების მიერ რამოდენიმეჯერ ჩატარებულ კვლევებში დადასტურდა". – ნათქვამია საავადმყოფოს განცხადებაში.

გერმანელი ექიმები ამბობენ, რომ, შესაძლოა, ამ მომწამლავმა ნივთიერებამ ნავალნის ნერვულ სისტემაზე გავლენა მოახდინოს.

ქოლინესტერაზის ინჰიბიტორის ჯგუფის ქიმიურ ნივთიერებებს ისეთი დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ, როგორიც ალცჰაიმერია. მაგრამ, როდესაც ის ნერვულ აგენტში ან პესტიციდებში გამოიყენება ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში ხდება. ქოლინესტერაზის ინჰიბიტორი ბლოკავს ენზიმას, რომელიც ნერვულ სისტემასა და კუნთებს შორის ინფორმაციის მიმოცვლას არეგულირებს, რაც სპაზმებს იწვევს.

მერკელის სპიკერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნავალნის საავადმყოფოში დაცვა დაუნიშნეს. რუსი ოპოზიციონერი კვლავ კომაშია და ინტენსიური თერაპიის პალატაში რჩება. გერმანელი ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა, თუმცა სიცოცხლისთვის საშიში არ არის.

ნავალნი სამკურნალოდ ომსკიდან გერმანიაში 22 აგვისტოს გადაიყვანეს. ეჭვობდნენ, რომ ის კომაში მომწამლავი ნივთიერების შემცველი ჩაის დალევის შემდეგ ჩავარდა. 21 აგვისტოს ომსკის საავადმყოფოს ექიმები ნავალნის გადაყვანაზე უარს ამბობდნენ და აცხადებდნენ, რომ მისი მდგომარეობა მეტისმეტად მძიმეა. მოგვიანებით მათ თქვეს, რომ ნავალნის მდგომარეობა დასტაბილურდა და ფრენას შეძლებს. ნავალნისთან ერთად გერმანიაში გაემგზავრა მისი ცოლი იულია.

ციმბირის საავადმყოფოს მთავრი ექიმის მოადგილემ თქვა, რომ ნავალნის ორგანიზმში მომწამლავი ნივთიერება ვერ აღმოაჩინეს და კომაში ჩავარდნა, სავარაუდოდ, სისხლში შაქრის დაბალი დონის გამო ნივთიერებათა ცვლის დარღვევამ გამოიწვია. ნავალნის ცოლი კი აცხადებს, რომ საგზაო პოლიციამ იპოვა ნივთიერება, რომლითაც რუსი ოპოზიციონერი მოწამლეს.

"ნივთიერება საშიშია გარშემო მყოფთა სიცოცხლისთვისაც. ყველამ, ვინც მის სიახლოვეშია, სპეციალური კოსტიუმი უნდა ატაროს". – ნათქვამია ომსკში ნავალნის შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსი ოპოზიციონერი ომსკის საავადმყოფოში 20 აგვისტოს მოხვდა. ის ციმბირიდან მოსკოვში ბრუნდებოდა.

სექტემბერში საქალაქო საბჭოს არჩევნები უნდა ჩატარდეს ნოვოსიბირკსა და ტომსკში, სადაც ნავალნი დამოუკიდებელ კანდიდატებს უჭერს მხარს. სწორედ ამ მიზნით იმყოფებოდა ის ამ ქალაქებში. გარდა ამისა ნავალნი აგროვებდა ინფორმაციას პარტია ერთიანი რუსეთის დეპუტატების საქმიანობის შესახებ.

ნავალნი ადრეც ამბობდა, რომ მისი მოწამვლა სცადეს. 2019 წელს ის 30 დღით დააკავეს არასანქცირებული საპროტესტო აქციის ჩატარების გამო. ციხეში ის შეუძლოდ გახდა. ექიმების დიაგნოზით მას დერმატიტი ჰქონდა, თუმცა ნავალნი ამბობდა, რომ ეს ალერგიული რეაქცია იყო და, მისი ექიმის თქმით, ეს, შესაძლოა, რაიმე მომწამლავ ნივთიერებას გამოეწვია.

კომენტარები